• თბილისი
  • 30°C
  • 14 აგვისტო, 2020
article

კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა განათლების სამინისტროში: ათეულობით მილიონი მოსწავლეების ხარჯზე - ვისთან მიდის „ატკატი“ ტენდერებიდან?

სქემა, რომელიც წლებია მოქმედებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ დაინერგა. 

ეს არის ნეპოტიზმის, კლანურობისა და კორუფციის ერთობლივი კოქტეილი, რომელსაც წარმატებით იყენებენ განათლების სამინისტროში - ჩინოვნიკებისა თუ ივანიშვილის ოჯახური კლანის გასამდიდრებლად.

  • სად გაქრა 50 მილიონი? 

2013 წლიდან დღემდე, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად დიდწილად ერთსა და იმავე კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას, სატრანსპორტო მომსახურების შესახებ. 

ეს არის კომპანია „თაიმსერვისი“, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე, მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურების სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან 50 მილიონამდე გადაურიცხეს. 

მაგალითად: 2019 წლის 9 იანვარს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს „თაიმსერვისთან"

ხელშეკრულების საგანი - აჭარის რეგიონში სატრანსპორტო მომსახურება. ღირებულება - 2,631,695 ლარი. 

2018 წლის 13 სექტემბერს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, იგივე სახის მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „თაიმსერვისთან". 

ხელშეკრულების საგანი - თბილისში, ქვემო ქართლსა და კახეთში სატრანსპორტო მომსახურება. ღირებულება - 1,273,657 ლარი. 

2017 წლის 11 იანვარს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ხელშეკრულება გააფორმა შპს „თაიმსერვისთან".

ხელშეკრულების საგანი - აჭარის რეგიონში მოსწავლეების ტრანსპორტით მომსახურება. ღირებულება - 2,211,368 ლარი.

2018 წლის 11 იანვარს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ხელშეკრულება გააფორმა შპს „თაიმსერვისთან".

ხელშეკრულების საგანი - მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება, ამჯერად გურიაში. ხელშეკრულების ღირებულება - 1,145,043 ლარი...

ამ ხელშეკრულებების მიხედვით, „თაიმსერვისმა“ იმ მოსწავლეების უსაფრთხო ტრანსპორტით გადაადგილება უნდა უზრუნველყოს, რომლებიც სკოლიდან შორს ცხოვრობენ და დამოუკიდებლად სკოლამდე მისვლა არ შეუძლიათ... 

თუმცა, მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოქმედი მოადგილე გვიყვება რომ: „ხშირად ასეთი ხელშეკრულება უბრალოდ იმისათვის ფორმდება, რომ ვიღაცამ მილიონები იშოვოს“. 

„თითქმის არ ხორციელდება კონტროლი იმაზე, ნამდვილად გადაჰყავს თუ არა ამ კომპანიას მოსწავლეები სკოლამდე. 

არავის აღელვებს, ასრულებს თუ არა ეს კომპანია აღებულ ვალდებულებას ბოლომდე. 

ამის დეტალურად შემოწმებაც კი შეუძლებელია, რადგან ხშირად, ტრანსპორტს დამაგრებული არ აქვს სპეციალური მოწყობილობა (ჯიპიესი), რომლითაც მის გადაადგილებას გააკონტროლებ. 

  • მარტივად რომ ვთქვათ: დოკუმენტების მიხედვით, კომპანია ვალდებულებას ასრულებს, რეალურად კი, მხოლოდ ფული მიაქვს ბიუჯეტიდან და არავინ ამოწმებს, რატომ იღებს მილიონობით დაფინანსებას“, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთერთი დეპარტამენტის უფროსის მოქმედი მოადგილე.

კომპანია „თაიმსერვისის“ ერთადერთი მეწილე სულეიმან ჩიხლაძეა, რომელიც რეესტრის მიხედვით, თბილისში იოანე პეტრიწის 11 ნომერში ცხოვრობს.    

განათლების სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სულეიმან ჩიხლაძე ფიქტიური ფიგურაა, ხოლო მის უკან ივანიშვილები, კერძოდ კი, ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები დგანან, რის გამოც, განათლების მინისტრების საკმაოდ ხშირი ცვლის მიუხედავად, არ იცვლება კორუფციული სქემა...

„ერთადერთი, ვინც აღნიშნული მსხვილი კორუფციული სქემა გააპროტესტა და კითხვები დასვა, განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა იყო და ისიც მალევე გააჩერეს“, - ამბობს განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი.

„პრესა.ჯი-მ“ ბიძინა ივანიშვილების ძმებთან, ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილებთან დაკავშირება სცადა...

  • ალექსანდრე ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც გაიგო თუ რა საკითხზე ვურეკავდით, ტელეფონი გაგვითიშა, ბატონი ადიკო კი ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
  • დავუკავშირდით შპს „თაიმსერვისის“ დამფუძნებელს, სულეიმან ჩიხლაძესაც, რომელიც ადასტურებს განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას რომ მოსწავლეებისათვის გამოყოფილ ტრანსპორტში ჯი-პი-ეს-ი არ არის დამონტაჟებული.

შესაბამისად, დასტურდება ისიც რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ ტრანსპორტის მარშრუტს, მიუხედავად იმისა რომ მასში ათეულობით მილიონს ვიხდით.

„პრესა.ჯი“: ბატონო სულეიმან, გაქვთ თუ არა სკოლებისთვის გამოყოფილ ტრანსპორტში ჯი-პი-ესი?

სულეიმან ჩიხლაძე: არა, არ გვაქვს. სკოლებისთვის გამოყოფილ ტრანსპორტში ჯი-პი-ესის არსებობა კონტრაქტით არ არის გათვალისწინებული.

- ჩვენ გვითხრეს, რომ ტრანსპორტი არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ მიდის  ადგილზე...

- კონკრეტულად სად? ბევრი ტრანსპორტი გვყავს და კონკრეტულად რომელ ლოკაციაზე არ მიდის?

- სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჯი-პი-ესი, რომ ზუსტად ასახოს ტრანსპორტის გადაადგილება და მარშრუტი, რატომ არ არის ჯი-პი-ესი დამონტაჟებული?

- იმიტომ არ არის, რომ ხელშეკრულებაში არ იყო ამის მოთხოვნა...

- გვითხრეს რომ ივანიშვილების ძმები დგანან თქვენი ბიზნესისნ უკან. იცნობთ თუ არა ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილებს?

- არა, არც ერთს არ ვიცნობ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ტენდერებიდან აღებული თანხა „ატკატების“ სახით უბრუნდება ივანიშვილების ოჯახს...

- მე მათ არ ვიცნობ.