• თბილისი
  • 23°C
  • 23 სექტემბერი, 2020
article

შაშკინი: "მოხარული ვიქნები, თუ მერაბიშვილი ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც სიტუაციას მართავენ კრიმინალები და ბანდიტები"

დიდი ხანი არ არის, რაც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება და საზოგადოება უკვე ელოდება მის გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი რეიტინგი, რამდენიმეწლიანი პატიმრობის მიუხედავად, კვლავაც მაღალია, მერაბიშვილის თანაგუნდელები და მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება სურთ, თვლიან, რომ მან ბრძოლა უნდა გააგრძელოს.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, მერაბიშვილის იმ რეფორმებზე საუბრობს, რომელიც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა წარმატებით განახორციელა და იმედს იტოვებს, რომ ის ისევ შეუერთდება ძველ გუნდს...

პრესა.ჯი: უნდა მიიღოს თუ არა ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში?

დიმიტრი შაშკინი: ვანო მერაბიშვილს უკავშირდება საქართველოში ძალიან ბევრი წარმატება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა. 

მან შექმნა ახალი პატრული, მისი მინისტრობის პერიოდში გატარდა და დასრულდა ეს რეფორმა, რომლითაც ყველა ქართველი ამაყობს. 

ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა კორუფციასთან ბრძოლის პროცესში. 

ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაში. 

ის არის ადამიანი, რომელმაც შექმნა რუსთავის ჰაბი, სადაც ათასობით ქართველმა იშოვა სამსახური და უზრუნველყოფდა ოჯახს ხელფასით. 

მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩაუტარდა რესტავრაცია რაბათის ციხეს და ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური ძეგლი, რომლითაც ამაყობს ყველა ქართველი - ამას ვამბობ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენ ხალხს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მერაბიშვილმა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად,  ქვეყნის განვითარებაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

- რა ფორმით ჩაერთვება მერაბიშვილი არჩევნებში?

- ვანო მერაბიშვილმა როგორც განაცხადა, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ გააგრძელებს თავის პოლიტიკურ კარიერას. 

მან დაახლოებით შვიდი წელი გაატარა ციხეში, ძალიან მძიმე პირობებში, ყველა ნორმის დარღვევით, მოგონილი ბრალდებებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურ დევნად აღიარა - ეს იყო სტრასბურგის მხრიდან უპრეცედენტო განცხადება. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ მას ამ შვიდი წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს დაეტოვებინა საპყრობილე, სააკაშვილზე ცრუ ბრალდებების სანაცვლოდ - ამას თავად „ქართული ოცნების“ წევრები სთავაზობდნენ. 

მას უბრალოდ ჩვენება უნდა მიეცა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ზუსტად ისე, როგორც ეს მთავრობას სურდა, თუმცა ვანომ აირჩია ერთადერთი სწორი გზა - ყოფილიყო ყველას წინაშე და პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე მართალი. 

მან ტყუილის თქმას შვიდი წელი პატიმრობა არჩია. ეს არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერ და სამართლიან პიროვნებასთან გვაქვს საქმე. 

ვანო თავად გადაწყვეტს, რა ფორმით ჩაერთვება პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა, თუ ის აირჩევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პარტიის ეგიდით გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას, მე, პირადად, ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ, რომ მას შეუძლია,  დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენი პარტიის გაძლიერებაში.

- პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რა როლს შეიტანს მერაბიშვილი ქვეყნის განვითარებაში?

- ჩემი აზრით, მას შეუძლია, ზოგადად, მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს პარტიის გაძლიერებაში.

სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით რაბათის ციხე-სიმაგრის რესტავრაციის შემდეგ, ვანოს რეიტინგი ამ რეგიონში მაღალია და იქ განსაკუთრებით უყვარს ხალხს. თუმცა, ნებისმიერი სხვა მისი გადაწყვეტილება ჩემთვის იქნება მნიშვნელოვანი.

- ჰქონდა თუ არა, ადგილი გარკვეულ უთანხმოებას, მერაბიშვილსა და მესამე პრეზიდენტს შორის? 

- ციხის დატოვების შემდეგ, ვანო ესაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაბათილდა ყველა ის ჭორი, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები ავრცელებდნენ. 

საუბარი მაქვს იმ ტყუილზე, თითქოს ვანოსა და მიშას შორის იყო გარკვეული უთანხმოება და დაძაბულობა. 

ეს იყო იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ყველა ის ჭორი, რომელიც ვრცელდებოდა გუნდში არსებულ უთანხმოებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. 

დაველოდოთ მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ აღვნიშნავ, რომ ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ის ჩაერთვება პოლიტიკურ საქმიანობაში, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც სიტუაციას მართავენ კრიმინალები და ბანდიტები.


თეგები :