• თბილისი
  • 27°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

სკოლის გახსნამ, რომლის მშენებლობაშიც 21,445,882 ლარი დაიხარჯა, ორჯერ გადაიწია, თუმცა, მშენებლობა ისევ ვერ სრულდება - ივანიშვილის ძმის ინტერესები კომპანიაში, რომელსაც დარღვევების გამო პასუხს არ სთხოვენ

დიდი დიღმის ტერიტორიაზე, ზარ-ზეიმით დაანონსებული მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. 

ტენდერი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, 2019 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადა.  

მალევე დასახელდა გამარჯვებული კომპანიაც: შპს "დაგი", რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქ ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე ლობირებენ (თადუმაძის ცოლი "დაგის" ადვოკატი იყო). 

2019 წლის 29 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია "დაგი", 19,812,732 ლარის სანაცვლოდ ვალდებულებას იღებდა დიდი დიღმის ტერიტორიაზე აეშენებინა მულტიფუნქციური სკოლა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად 2019 წლის 15 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, მაგრამ უხარისხო სამუშაოების გამო ვადები უხეშად დაირღვა. 

კომპანიამ აღნიშნულ პერიოდში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო. 

თუმცა, ეს ფაქტორი არათუ დაჯარიმების, არამედ, ტენდერის ფასის გაზრდის საფუძველი გახდა. მიზეზად კი დამატებითი სამუშაოები დასახელდა.

კერძოდ: ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტებით ცნობილი ხდება რომ 2019 წლის ოქტომბერში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია "დაგს" შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მულტიფუნქციური სკოლის დასრულებამ ორი თვით გადაიწია. 

ხოლო 331,406 ლარით გაიზარდა მისი ბიუჯეტი და მთლიანობაში, 19,812,732 ლარის ნაცვლად, 20,144,139 ლარი შეადგინა.

განისაზღვრა მშენებლობის დასრულების ახალი თარიღიც - 2019 წლის 31 ოქტომბერი (რაც კომპანიის ვებ გვერდზე მითითებულ ფოტო-ილუსტრაციაშიც აისახა). 

თუმცა, მიუხედავად ასეთი ცვლილებისა, კომპანია "დაგმა" სახელმწიფოსგან კვლავ მალევე მოითხოვა სატენდერო თანხის გაზრდა და ჩაბარების თარიღის გადაწევა, რაც ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით უტყუარად დასტურდება. 

მაგალითად: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და "დაგს" შორის გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2019 წლის ნოემბრით თარიღდება, ივანიშვილის ძმის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას, სატენდერო თანხა დამატებით 1,301,743 ლარით გაეზარდა და ნაცვლად 20,144,139 ლარისა, 21,445,882 ლარი შეადგინა. 

ხელშეკრულებასა და შეთანხმებს ხელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ზვიად როსტომაშვილი (რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაუშვეს სამსახურიდან) და შპს "დაგის" დირექტორი, მიხეილ შარანგია აწერენ.

ისინი ყოველგვარი სანქციების, ჯარიმებისა და გაფრთხილებების გარეშე თანხმდებიან როგორ განკარგონ ხალხის ფული ისე რომ პირობების დარღვევისა თუ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხიც არ აგონ. 

მეტიც: მიუხედავად იმისა რომ ახლა 2020 წლის მარტია, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მშენებარე მულტიფუნქციური სკოლა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული. 

შიდა სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, მოუწესრიგებელია გზა, დაუსრულებელია ტიხრები, ჭერი, ფასადი, ეზო... 

ბევრჯერ დაკორექტირებული გეგმის მიხედვით, სკოლა, საბოლოოდ, 2020 წლის 15 მარტს უნდა გახსნილიყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ადმინისტრაცია უკვე გააფრთხილეს რომ წითელი ლენტის გაჭრამ ამჯერადაც გადაიწია - უკვე მესამედ...

P.S: საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "დაგის" 25 პროცენტს თამარ ჩხეტია ფლობს. კომპანიის 75 პროცენტის მფლობელი კი, გოგი გულორდავაა. კომპანიის დირექტორია მიხეილ შარანგია, რომლის მეუღლე, ეკატერინე ხუციშვილი, განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსია. ის სამინისტროში, სამმართველოს უფროსად, რამდენიმე წლის წინ დაასაქმეს.

თუმცა, "დაგის" არაოფიციალურ მესაკუთრედ საქართველოს არაფორმალური მმართველის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი სახელდება. 

სწორედ ალექსანდრე ივანიშვილის გავლენებს უკავშირებენ იმ გარემოებას რომ გასულ 2019 წელს, შპს "დაგმა", ჯამში, 70,892,071 ლარის ტენდერი მოიგო, მხოლოდ ერთი უწყების - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან.


თეგები :

ტენდერი