• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

კალაძე ოპოზიციაზე: ნამდვილად ამაზრზენი იყო ის, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიუნხენიდან ფეისბუქლაივში ჩაერთვნენ და ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებსა და ასოცირების კომიტეტში ჩავარდნილ დეკლარაციაზე ისაუბრეს.

კახა კალაძის თქმით, შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი იყო და ევროპარლამენტარებმა მოიწონეს ინიციატივა გიგი უგულავას დაკავების საქმის გასაცნობად საქართველოს ეწვიონ.

"შეხვედრები რომლებიც გაიმართა მიმართული იყო იქითკენ, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის ფრაქციის წარმომადგენლობისთვის, კომიტეტის წევრებისთვის, რადგან ხშირად ჩვენ ვისმენდით არასწორ ინფორმაციებს, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ფეიკ-ნიუსებზე იყო დაფუძნებული.

შესაბამისად, შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. კითხვები ისმოდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა მართლაც ძალიან მაგრად.

ჩვენ კი ვუხსნიდით ევროპარლამენტარებს უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, რომ საქმე ეხებოდა რეალურად 50 მილიონის ქურდობას, რისი მტკიცებულებაც, ვიდეო არსებობს.

ჩვენი ინიციატივა იყო შეიქმნას მისია ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული, რომელსაც შეეძლებათ ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია უგულავას საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი შეფასება მოყვა. ბევრმა დეპუტატმა მოიწონა ეს ინიციატივა….

კალაძის განცხადებით, ასოცირების კომიტეტში დეკლარაციის ჩავარდნით, ოპოზიცია ბედნიერი იყო.

"გახსოვთ მაშინაც როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შეეცდებოდნენ, რომ ქართული ოცნების მარცხად გამოეცხადებინათ ეს და იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც.

ნამდვილად ამაზრზენი იყო ის თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არიან პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან, რომ რაღაცა არ გაკეთდეს.

არაუშავს, ეს საინტერესოა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები მაგიტომ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.


თეგები :