• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

საქართველოში ნაშოვნ არალეგალურ მილიონებს, ივანიშვილის კლანი ნაურუს გავლით პანამაში რეცხავს - მორიგი საერთაშორისო სკანდალი

ივანიშვილის კლანის ჭუჭყიანი მილიონები ნაურუს გავლით პანამაში ირეცხება - ქვეყანას, რომელმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, ოლიგარქი თავისი ქონების ლეგალიზაციის მიზნით იყენებს.

ეს სკანდალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ნაურუ ის ქვეყანაა, სადაც ივანიშვილი და მისი ნათესავები ქართული ბიზნესიდან ამოღებულ ასეულობით მილიონს ამისამართებს...

ამავე დროს, ნაურუ რუსი ოლიგარქების სამოთხედ ითვლება. ამ ქვეყანამ, კრემლის გავლენითა და ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა. 

შესაბამისად, ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლის ინფორმაციით, ნაურუ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს, ივანიშვილის არალეგალური ფულის „გამტარია“.

„ივანიშვილი და მისი ახლო ნათესავები არალეგალური ფულის გასათეთრებლად სხვადასხვა ბანკებს იყენებენ. 

კერძოდ, ბანკებიდან, ამა თუ იმ მიზეზით რიცხავენ დიდი ოდენობით თანხებს, სხვადასხვა უცხოური კომპანიების ანგარიშებზე. საბოლოოდ, ეს თანხები ხვდება მათ შორის ნაურუში. იქ „ირეცხება“ და პანამის გავლით ან უკან ბრუნდება ან უცხოურ ბანკებში ილექება“.  

სხვათაშორის, ივანიშვილის ფინანსების საეჭვო წარმომავლობისა და „პანამის“ შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა თიბისი ბანკის მთავარი აქციონერი და „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძეც, რომელსაც საქართველოში განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების თაობაზე მართლაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გააჩნდეს.

„გადარიცხვები ხდება თვითონ პანამაში და  ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ინვესტორი პანამიდან, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. 

მე ვეკითხები მას: რატომ შემოდის პანამიდან მისი ინვესტიციები? ყველაფერი ამოვიღოთ და ვინ როგორ იცხოვრა, ვინ როგორ აკეთა ბიზნესი, ვინ როგორ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტთან და საზოგდოებასთან, ერთხელ და სამუდამოდ დავდოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მნიშვნელოვანი დეტალი: ბიძინა ივანიშვილს არასოდეს გადაუხდია გადასახადები საქართველოს ბიუჯეტში, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და ცხადია, არც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს. 

ხოლო თუ მილიარდერი საქართველოში ცხოვრების მანძილზე გადასახადებს გადაიხდიდა და დაიბეგრებოდა, ბიუჯეტში საშუალოდ მილიარდი დოლარი ანუ 3 მილიარდ ლარამდე შევიდოდა.

ოფშორი - კრიმინალური ფულის სამრეცხაო

ინგლისური სიტყვა Offshore მატერიკისგან მოშორებულ, ოკეანეში ჩაკარგულ ადგილს აღნიშნავს. თუმცა ბოლო 20 წელია, ერთი დამატებითი მნიშვნელობაც აქვს. ოფშორი, ძირითადად, მცირე საგადასახადო ტარიფების მქონე "ქვეყანაა". 

უკვე წლებია, კუნძულებზე - ვანუატუ, ნაურუ, ბელიზი, ბერმუდა, ვირჯინიის კუნძულები და სეიშელი, ადამიანებმა ქოქოსის მოყვანასა და თინუსის დაჭერას თავი დაანებეს და მძიმე საგადასახადო წნეხით შეწუხებულ ბიზნესმენებს "საგადასახადო სამოთხე" შეუქმნეს.

ოფშორებში, როგორც წესი, „ჰოლანდიურ სენდვიჩსს“ ამზადებენ. "ჰოლანდიური სენდვიჩი" საბანკო მაქინაციების ლეგალური ნაწილია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ კომპანიას და ბიზნესმენს შეუძლია, კვალი აურიოს საგადასახადო ინსპექციას და ბიზნესი ისე აკეთოს, რომ საქმიდან სუფთა მოგება დარჩეს.

მთავარ როლს ამ პროცესში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ე.წ. ნომინალური კომპანია ასრულებს. ის მხოლოდ ფასადია, მისი სახელით კი უჩინრად მოქმედებს ბიზნესის ნამდვილი მფლობელი.

ეს თითქმის სტანდარტული ფინანსური სქემა, გადასახადების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ივანიშვილის ყველა მსხვილ ქონებას საქართველოში, იქნება ეს „გალერია თბილისი“, სასტუმრო „პარაგრაფი“, „ლაგუნა ვერე“, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მისი საცხოვრებელი კომპლექსები თუ სხვა, სწორედ ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანიები ფლობენ.

ნაურუ - საგადასახადო სამოთხე 

ცოტა რამ ნაურუს შესახებ: კუნძულზე, 2011 წლის აღწერით,  10, 084 ადამიანი ცხოვრობს. სახელმწიფოს დედაქალაქი არ გააჩნია. ნაურუში ქალაქები არ არსებობს. სამაგიეროდ 14 დასახლებული ადგილი-ოლქია. 

მმართველ ოლქად იარენი ითვლება, სადაც ქუჩები არ არის. გზა კარგია, ოღონდ ერთი, რომელიც 19 კმ-იან სანაპიროს გასდევს. ქვეყანას არ აქვს მტკნარი წყალი. არც ელექტროსადგურები გააჩნია, სამაგიეროდ, აქვს გენერატორები. 

ნაურუ ოკეანიის კუნძულია, სადაც ძირითადად რუსული მილიარდები "ირეცხება. 

ნაურუმ, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრის, კირენ კეკეს სახით დიპლომატიური კავშირები დაამყარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მარიონეტულ რეჟიმთან და რუსეთის მთავარი პარტნიორი გახდა. 

ნაურუს არ აქვს ვალუტა (იქ ავსტრალიური დოლარი მოქმედებს), ერთადერთი ბანკი კი 10 წლის წინ გაკოტრდა. სალაპარაკო ენა ორია - ნაურუული და ინგლისური. ნაურუში გადასახადებს არ იხდიან. 

პარლამენტს და მთავრობას სამი წლით ირჩევენ. მთავრობა პრეზიდენტს ნიშნავს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის, წინ ნაურუს მთავარი საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებრივი შენობების კედლებზე გაკეთებული წარწერები იყო. ნაურუელები რუსებს "დიდ ძმებს" ეძახიან. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომლის თქმით, სწორედ ნაურუს გავლით ირეცხება იმ მილიონები, რომელსაც ივანიშვილი და მისი სანათესაო საქართველოში შოულობს... 

თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებს, ამტკიცებს რომ „ბატონი ბიძინა დიდი ქველმოქმედია“.

P.S: ივანიშვილის ლეგალური და არალეგალური ბიზნესის მცირე ჩამონათვალი საქართველოში

1. საქართველოს რკინიგზა - აკონტროლებს მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. 

2. ფოთის ინდუსტრიული ზონა - ფორმალურად გაფორმებულია ჩინელ ინვესტორზე. 

3. ელექტროენერგიის რეექსპორტის კორუფციული სქემა. 

4. ცემენტის ბიზნესი (ჰაიდერბერგცემენტი). 

5. საბანკო ბიზნესი. 

6. ხე-ტყის ბიზნესი.

7. ნავთობპროდუქტები. 

8. ქიმიური ტერმინალი ბათუმში. 

9. ბიტკოინების ბიზნესი.

10. გაზის კორუფციული სქემა (სოციალური გაზი).

11. ფალსიფიცირებული სპირტის კორუფციული სქემა. 

12. უძრავი ქონების ბიზნესი (ფლობს 40 მლნ კვ.მ-მდე მიწას)

13. სიგარეტის კორუფციული სქემა. 

14. „გალერია თბილისი“.

15. ჰიდროელექტროსადგურების ბიზნესი (ონის ჰესების კასკადი...).

16. ღვინის ბიზნესი (მისი ძმა ერთერთი მსხვილი კომპანიის მეწილეა).

17. კავშირგაბმულობა (ჯეოსელი). 

18. ჭიათურმანგანუმი (აკონტროლებს დროებითი მმართველის მეშვეობით). 

19. სამშენებლო ბიზნესი...


თეგები :

ნაურუ პანამა