• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

„ახლა რჩება ამოცანა, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მელიას თქმით, ახლა შესასრულებელი რჩება კიდევ ერთი ამოცანა, რომ მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდეს. ის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს აბსურდულს უწოდებს.

„ფაქტია, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ როგორც ადრე, 26 ივნისი იყო, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ დეპუტაცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეპატიმრებინე, უბრალოდ შემდეგ გზად გადაიფიქრეს, რეალურად ახლა მათი ამოცანა, რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების  გარეშე. კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი კვლავ იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ.

შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. თუარ ვცდები, დაახლოებით, 25 ადამიანი იყო ჩემთან ერთად ბრალდებული, თავიდან, 2012 წლის დეკემბრის თვეში წარმიდგინეს ბრალი, გავიდა შვიდი წელი, უკლებლივ ყველა ადამიანს გაუკეთდა ე.წ. განრიდება, ანუ მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა, შემომატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში, ვინდაინ 2014-2015 წელს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე.

თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმე იყო, სხვა შემთხვევაში 25 ადამიანს განრიდებას არ გაუკეთებდნენ. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ 20 ივნისის შემდეგ ამოცანა ვერ შეასრულა და კვლავ დეპუტატად შემოვრჩი.

გავრილოვის საქმე შემონახული აქვს და მას ჰგონია, რომ „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია, მაგრამ უნდა მიხვდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმით, ვერც ერთ ოპონენტს და აქტივისტს ვერ შეაჩერებს. საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიკაპს ვერ გაუკეთებს ვერავის, როდესაც ამ საპატიმრო საკნის ოთხი კედელი დღეს არის ძალიან მყიფე და მოყანყალებული. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას და იმოქმედოს საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რადგან დღის წესრიგს ადგენს საზოგადოება. ბიძინა ივანიშვილი უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას იქ, რომ მას ჰგონია, თუკი ოპონენტებს დააკავებს პოლიტიკური დევნით, გაამხნევებს საკუთარი გუნდის წევრებს, მაგრამ პირიქით, ისინი მორალურად კიდევ უფრო ინგრევიან. ისინი ხედავენ, როგორ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ადამიანები კი „გარნირად“ არიან მოყრილნი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.


თეგები :