• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

დავით ჭიჭინაძე: ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს

„პროტესტი სხვაა და რევოლუცია სხვა არის, დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას“, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის პროტესტს თავადაც შეუერთდა, თუმცა, როგორც განმარტავს, „ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს“.

„პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა.დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა არამგონია, რომ  ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს.მე პროტესტს შევუერთდი, მაგარმ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, პრაქტიკულად დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი. სამწუხაროა, რომ პროტესტის ჩამქრობი ისევ და ისევ გვევლინება „ნაციონალური მოძრაობა“. ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ მათ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ. რასაც ქვია პიკეტირება შენობების, პროტესტის გამოხატვის ფორმა არსებობს, მაგრამ არა რევოლუცია. ვფიქრობ, რომ რევოლუცია და „ნაციონალურო მოძრაობის“ გამარჯვება საზოგადოებას ნამდვილად არ უნდა“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის აქციასთან შედარებით, ბევრად ცივილურად იმოქმედა.

„გუშინდელ პროცესებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის აქციასთან შედარებით, ბევრად ცივილურად ჩაატარა ეს და არ გვყავს შუბლდაზიანებული, დახეთქილები. კარგია, დასკვნა გამოიტანეს, პირდაპირ რეზინის ტყვიებით არ დაიწყეს და ჟურნალისტებს ერიდებოდნენ, ესეც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველი შეცდომის შემდეგ ადამინი თუ აანალიზებს და იმას აღარ უშვებს, ესეც დასაფასებელია, თუმცა, რეალურად, „ქართულ ოცნებას“ დასაყრდენი საზოგადოებაში პრაქტიკულად არა აქვს, მაგარამ ამით ვერასოდეს ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“ ,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.


თეგები :