• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

„ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული“

„ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული, შეიცავს სრულ ფარსს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება გამოსავლის მოძებნას, როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება“, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოში ახალგაზრდების პროტესტის შედეგად საზოგადოებამ მიიღო დაპირება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

„ბოლო სამი დღეა, ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს, საზოგადოების შეყვანას შეცდომაში, მის გაუგებრობაში გადაყვანას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ჩვენ გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც როგორც ჩანს, მრავალსერიანია, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას. ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, ცუდად პირველ რიგში თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც. ამიტომ მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, დღეს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ დაპირება, რომელიც ასეთი დიდი პროტესტის შედეგად არის მოპოვებული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


თეგები :