• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

„ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20 კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს“

„დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს“, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა.

ანა დოლიძის თქმით, მან ჯერ კიდევ აგვისტოში მოუწოდა სახალხო დამცველს საჯაროდ, რომ ჩართულიყო პროცესებში და გაეკეთებინა განცხადება დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

„გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ყოველ კვირა, როდესაც ირაკლი კობახიძე წერდა კანონს, მე ვაყენებდი საკითხს, ვიბრძოდი ამ თემებთან დაკავშირებით, რომ წესი იყო არასწორი, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. მაშინ, სამწუხაროდ, არსად ისმოდა და უნდა გვსმენოდა ჩვენ სახალხო დამცველის მხარდაჭერა. დღეს ეს ნაბიჯი კარგია, მაგრამ დაგვიანებულია იმიტომ, რომ 20- კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს. შემდეგზე შეიძლება, რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ დღევანდელ სავალალო შედეგს ვერაფერს ვერ უზამს. სახალხო დამცველს ხმა რომ ამოეღო, როცა ეს ბრძოლა იყო ზენიტში, თუნდაც მკაცრი საჯარო განცხადება გაეკეთებინა, ეს იქნებოდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ამ ბრძოლაში მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვიყავით მარტო. მომავალში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია, მაგრამ მაშინ, როდესაც ის რაღაცას წყვეტს და არა მაშინ, როდესაც უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია გავლილი.

როდესაც იყო ამ ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო. მას შეეძლო, რომ ჩვენ შეგვერთებოდა ბრძოლაში, მაშინ შეეძლო, რომ მართლაც რაღაც რეალური გავლენა ჰქონოდა. დღეს, როდესაც ყველაზე მკაცრი ეტაპი დასრულებულია, ეს არის საინტერესო, მაგრამ ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც რაიმე შედეგს მოიტანს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.


თეგები :

ანა დოლიძე