• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა (ვიდეო)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა.

ხინკალი დეპუტატის შეკვეთით ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზთან მიიტანეს, სადაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობდა.

„მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა, თუ ერთ-ერთი კანდიდატის, შალვა თადუმაძის თანაკურსელები გამოჩნდებოდნენ, მათ ხინკალზე დავპატიჟებდი, კურსელების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა პირობის შესრულება მაინც გადავწყვიტე“, – განაცხადა გოცირიძემ.

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“, – ასეთი წარწერა ახლდა ხინკლის ყუთებს.

რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში მაშინ დაპატიჟა, როდესაც შალვა თადუმაძეს პარლამენტში როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნე. სხდომაზე რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რამდენი ადამიანი იყო მის ჯგუფში, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული.

„ცოტა არ იყოს მეწყინა, მეგონა 10-20 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდი ფინანსურ ზარალში გადავარდები მე, მაგრამ რას ვიზამ, რაც ჩანაფიქრი მაქვს უნდა ავასრულო. ჯგუფელებს გვარს არ ასახელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით ის მაინც თქვით“, – მიმართა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს.

ამასთან, მოგვიანებით რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძის ლექტორებიც დაპატიჟა ხინკალზე.

„ვერ ვიპოვე ვერც ერთი კურსელი თადუმაძის, ვერც ერთი, ამიტომ მინდა ვამხილო, რომ ყალბი დიპლომის მქონე გავა კენჭისყრაზე და მიიღებს ხმებს ამათი დახმარებით. არც ერთი ადამიანი არ გამომეხმაურა სახინკლეზე, ამიტომ მეორე განცხადებას ვაკეთებ. ერთი ლექტორი მაინც თუ გამოჩნდება, რომელიც ბატონ თადუმაძეს ასწავლიდა, სახინკლეში კი არა, ყველაზე მაღალ რესტორანში, მთაწმინდაზე ვეპატიჟები, ლექტორებისადმი არის ახლა მიმართვა. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ლექტორები გამოგვეხმაურეთ. იქნება უმაღლესი სუფრა მთაწმინდაზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.


თეგები :