• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

„ზოგჯერ თანახმა ვარ, დამაჯარიმონ ან 10 დღით ჩამსვან ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზოგიერთი დეპუტატი ამას ისე იმსახურებს“

„ზოგჯერ თანახმა ვარ, დამაჯარიმონ ან 10 დღით ჩამსვან ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზოგიერთი დეპუტატი ამას ისე იმსახურებს. ამას შეიძლება დიდი საზოგადოებრივი სიკეთე მოჰყვეს. მაგალითად, ეკა ბესელიას ქცევამ დიდი საზოგადოებრივი სიკეთე მოიტანა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ალექსანდრე წულაძის მოსმენა მიმდინარეობს.

გოცირიძემ კანდიდატს კითხა, რატომ არ იწყება სამართალწარმოება, როდესაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეების შემთხვევაში ეს დასჯადი ქმედებაა.

„როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდება, ხომ დასჯადია? რაღაც სასჯელი ხომ არის? მაგალითად, შეიძლება ადმინისტრაციული წესით დააჯარიმონ და ა.შ. პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის შენობაში იგივე რამის ჩადენა ხომ გინახავთ? მაგალითად, მე მინახავს, რომ ერთი ძიუდოისტი მეოთხე იარუსიდან გადახტა, დიდი ნახტომი მოუვიდა, ასცდა პირველ იარუსს და იატაკზე ცხვირით დაენარცხა. ქუთაისის პარლამენტში სასტიკი ცემა-ტყეპაც გვინახავს. ამ პარლამენტშიც ხშირად ყოფილა ფიზიკური გაწევ-გამოწევა. რომ არა ჩვენი მანდატურები, შესაძლოა, კრივის არენად ქცეულიყო ჩვენი პარლამენტი. რატომ არ აღიძრება საქმე მსგავს შემთხვევებზე? რატომ არ არიან კანონის წინაშე თანაბარნი არჩევითი თანამდებობის პირი და ჩვეულებრივი მოქალაქე?" - ჰკითხა გოცირიძემ კანდიდატს.

ალექსანდრე წულაძემ მას უპასუხა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაწორი უნდა იყოს.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. მე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი არ ვარ და არ ვიცი, რატომ არ აღიძრება საქმე, თუმცა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო უწყებებში ან ნებისმიერ ადგილში ხდება წვრილმანი ხულიგნობა ან ძალადობა, საქმე უნდა აღიძრას,"- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საქმის აღძვრის შემთხვევაშიც, ზოგჯერ ის თანახმაა დააჯარიმონ ან დააპატიმრონ ფიზიკური დაპირისპირების გამო, რადგან მისი თქმით, ზოგიერთი დეპუტატი ამას იმსახურებს.