• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

დავით ნარმანია დიღმის ელიტურ უბანში კერძო სახლს იშენებს, რომლის ღირებულება მილიონზე მეტია - ექსკლუზივი და სკანდალური დეტალები

თბილისის ყოფილი მერი, ენერგეტიკისა და  წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მომავალი თავმჯდომარე, დავით ნარმანია დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ელიტურ უნაბში ძვირადღირებულ სახლს იშენებს 5 საძინებლით, აუზითა და დიდი ეზოთი.

ჩვენ მოვიპოვეთ დავით ნარმანიას სახლის პროექტი, რომელიც 1500 კვ.მ ფართობზე უნდა აშენდეს. მხოლოდ მიწის ნაკვეთში, ნარმანიამ, 2018 წელს, 180 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც 536 ათას 400 ლარია - კურსით 2.98.

ნარმანიას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა უკვე დაწყებულია და პროექტის მიხედვით, სახლი უძვირესი და უძვირფასესი ქვით უნდა მოპირკეთდეს.

კერძოდ: 2019 წლის 18 ივლისს, მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის გაგზავნილ წერილში, არქიტექტორი შარაშენიძე და პროექტის ავტორი ელიზბარაშვილი დეტალურად განმარტავენ თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად მშენებლობა და როგორი სახე უნდა მიიღოს ნარმანიას ძვირადღირებულმა სახლმა მისი აშენების შემდეგ.

მაგალითად: ნარმანიას სახლი უნდა მოპირკეთდეს ძვირადღირებული მუქი და ღია ტრავენტინის ქვით, სახურავი რუხი ფერის მეტალო-კრამიტით გადაიხურება. სახლს ექნება შავი მეტალის ჭედური მოაჯირი და რუხი ალუმინის ფანჯრებიც. 

თბილისის ყოფილი მერის სახლის საერთო საცხოვრებელი ფართობი - 387 კმ. დამატებით, მეტრია. სახლს აქვს საზაფხულო ფართობი - 57 კვ.მ და სარდაფი - 67 კვ.მ.

„წარმოდგენილი პროექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა. ნაკვეთის ფართი: 1500 კვ.მ ტერიტორია რელიეფურად სწორია (მართკუთხა ფორმის). 

კორექტირებული პროექტი ითვალისწინებს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მიწისქვეშა სარდაფით. დაგეგმილია შესრულდეს ნაწილობრივ ორ ქანობიანი ტიპის გადახურვა. 

შიდა გეგმარება დაპროექტებულია დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. პირველ სართულზე განთავსებულია: საერთო ოთახი (ორსინათლიანი), სამზარეულო-სასადილო, ორანჟერეა, სანკვანძი, კაბინეტი საძინებელი, სამრეცხაო, კიბის უჯრედი და ჰოლი. 

მეორე სართულზე: 5 საძინებელი, 5 სველი წერტილი, სათავსო, ჰოლი და კიბის უჯრედი. სართულშორის გადაადგილება მოხდება შიდა კიბით, ხოლო სარდაფში როგორც შიდა, ისე გარე კიბის საშუალებით. 

ფასადი დამუშავებულია თანამედროვე დიზაინით და გამოყენებული მასალები შეესაბამება საქართველოში არსებულ მეტოროლოგიურ დატვირთვებს. 

კედლები ძირითადად მოპირკეთდება  ღია კრემისფერი ტრავერტინის ქვით. კარ-ფანჯრებზე გათვალისწინებულია ყავისფერი ფერის ალუმინის ალათები და ორმაგი მინაპაკეტი. 

შენობის ჩარჩო წარმოადგენს რკინაბეტონის მონოლითურ კარკასს. გარე კედლები ამოშენებულია  30 სმ-იანი პემზა ბლოკით. შიდა ტიხრები: 10-სმ-იანი სატიხრე ბლოკით. 

ეზოში გათვალისწიებულია: ავტომანქანის შესასვლელი ბილიკი, შენობას დასავლეთის მხრიდან მოეწყობა  ღია ავტოსადგომი (პერგოლით). 

საკადასტრო ერთეულის პერიმეტრზე მოეწყობა კაპიტალური ღობე ყველა ნორმების დაცვით. ეზოში გამოყოფილია სივრცე გამწვანებისათვის და ხე-ნარგავებისათვის ტერიტორია მოპირკეთდება ნაწილობრივ ღრუტანიანი ფილებით. 

წარმოდგენილიკორექტირებული პროექტით ხდება შეთანხმებული ორანჟერეის ნაწილის სიმაღლის შემცირება, გადიდება რომელიც გრძელდება და გადადის აუზის სივრცეში, თავისი სველი წერტილებით.

ასევე იცვლება კარ-ფანჯრების ფერი და ხდება ღია ფერის ყავისფერი და იცვლება მოაჯირის დიზაინი. ამავდროულად დიდდება სამზარეულოს ფანჯარა.

საპროექტო შენობა-ნაგებობის ნაწილი  ასევე მოპირკეთდება ღია  კრემისფერის ფერის ტრავერტინის ქვით.

შენობის მოსაპირკეთებელი მასალები დეტალურად წარმოდგენილია ფოტომონტაჟზე და ფასადის ნახაზებზე“ - წერია მერიის სამსახურში გაგზავნილ დოკუმენტაციაში, რემელიც თბილისის ამჟამინდელი მერის, კახი კალაძის გარემოცვამ მოგვაწოდა. 

დავით ნარმანიას მერობის დროს ხშირად ისმოდა ხმები მისი კორუმპირებულობის შესახებ. მაშინ, კორუფციის ბრალდებით ნარმანიას ნათესავი - ჯოკია ბოდოკიაც კი დაიჭირეს. 

როგორც ჩანს, ნარმანიამ სწორედ უკვე გამოაჩინა არალეგალურად ნაშოვნი ქონება - ჯერ 180 ათასი დოლარი გადაიხადა ნაკვეთში, ახლა კი ელიტურ უბანში სახლს იშენებს, აუზით, ბევრი საძინებლით და დიდი ეზოთი.

ჩვენ ნარმანიას სახლის პროექტი და მასშტაბი ვაჩვენეთ ერთერთ სამშენებლო კომპანიას. უხეში გათვლებით სახლი, რომელსაც ნარმანია პროექტის მიხედვითაც იშენებს საშუალოდ 350 ათასი დოლარი დაჯდება, რაც ეროვნულ ვალუტაში (კურსით 2.98), მილიონ 43 ათასი ლარია.