• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ვოლსკი: აშშ-ის საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ გუშინდელი აქცია თავისი შინაარსით არის მავნებლური

„აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ  „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე იყო მცდელობა, აშშ გაიგივებული იყოს „უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამიზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავნებლური, ვინაიდან არ შეიძლება, ვინმე კრამერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ.

​ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის, თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, საზოგადოებამაც ეს კარგად გაიგო. თუმცა, აშკარად იყო მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აქციის მიზეზი 10 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.


თეგები :