• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ოპოზიცია: თბილისის ბაღების საკვებით მომარაგების 43 მილიონიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთ კომპანის სურს

თბილისის ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კვლავ პრობლემებია. ერთი 17-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა, 43 მილიონიან ტენდერში კი მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ეკოლუქსმა“ გამოთქვა. სავარაუდოდ, თბილისის მერია სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. 

გამოცხადებული ახალი სასწავლო წლიდან, ერთი ბავშვის კვებისთვის გამოყოფილი თანხა 3 ლარსა და 60 თეთრს შეადგენს. 

ოპოზიცია საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ თბილისის მერია კონკრეტულ კომპანიასთან გარიგებას ახდენს.  

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ერთი ბავშვისთვის გამოყოფილ 3 ლარსა და 60 თეთრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ იმ პირობებში როდესაც ბაზარზე ყველა პროდუქტი გაძვირებულია, ეს თანხა ბავშვის გამოკვებისთვის საკმარისი არ არის.

„60 ათასი ბავშვის გამოკვება, ყოველდღიურად, დღეში 3 ლარად და 60 თეთრად, არის შეუძლებელი. ანუ, ეს არის ის ფასი, რომელიც მაგალითად 2012-13 წლებში ყოფნიდა ბაღებს და იხარჯებოდა დედაქალაქის მერიიდან. ახლა როგორც წარმოგიდგენიათ, მას შემდეგ გავიდა 6 წელი, მას შემდეგ არის სერიოზული ინფლაცია, მას შემდეგ გაძვირდა ხორცი, გაძვირდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც ბაღებში შეაქვთ. შესაბამისად, მთავარი ამ ტენდერში რა არის, როგორც წინა ხელშეკრულებას მოსდევდა ლაიტმოტივად, 60 ათასი ბავშვის ხარისხიანად კვება კი არა, მაფიოზურად, ქურდულად, როგორ გაინაწილონ ეს 43 მილიონი ლარი, ამას ფიქრობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ტენდერის გამო, ერთმანეთში დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესმენებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ყურის მოჭმით დამთავრდა როგორც 90-იანებში ხდებოდა... ახლა კონკრეტული კომპანია, რომელიც ერთადერთია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და აპირებს მერია, რომ ხელშეკრულება გაუფორმოს, არის ის კომპანია, რომელიც ემსახურებოდა წინა კომპანიას, ვგულისხმობ ნილს და ასევე, კონტაქტები ჰქონდა ყურის მომჭმელთანაც  და ყურის მოჭმულთანაც“ - განაცხადა ხაბეიშვილმა. 


თეგები :