• თბილისი
  • 5°C
  • 06 დეკემბერი, 2019
article

„ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, მეორეხარისხოვანია“

ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომლის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

გვარამიას თქმით, ეს მისი იურისტისთვის იყო პირველხარისხოვანი, რომელიც სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

„იმის შემდეგ, რაც ოთხი საათი ვისაუბრე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და პროკურორებმა სამი წუთი ისაუბრეს, ვაი იმ საუბარს, მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია ისე წაიკითხა ის სისულელე და გავიდა, სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს აზრი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ადამიანებმა შენი პოზიცია გაიგონ, თორემ მოსამართლისთვის აზრი არ აქვს. იგივეა სააპელაციოს ნაწილშიც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო. ადვოკატი გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


თეგები :