• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

მსხვილი კორუფცია ფინანსთა სამინისტროში - როგორ ძარცვავენ ბიუჯეტს ასეულობით მილიონით და რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ ხალხის ფულის მითვისების სქემაში?

მას შემდეგ, რაც Presa.ge-მ ყალბი აქტივების შექმნის მეშვეობით ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარის მიტაცების კორუფციული სქემა გამოაქვეყნა, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო.

ამავე თემაზე ვრცელი სიუჟეტი გაავრცელა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც, სადაც დასახელდა კონკრეტული გვარები: პრემიერი ბახტაძე, მენავთობე ლაშა ქორიძე, ბაქრაძე, ფარცხალძე, მამაცაშვილი, კომპანია ბპ...

აღინიშნა, რომ სხვადასხვა კომპანიების გამოყენებით კლანი ქმნიდა ყალბ აქტივებს და შემდეგ დღგ-ს ყალბ მეტობას სახელმწიფო ამ კომპანიებს უკან უბრუნებდა, რითაც 100 მილიონზე მეტი დავკარგეთ. 

სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ბიუჯეტი სეკვესტრის წინაშე დადგა, ხოლო პრემიერმა ბახტაძემ, ე.წ ოქროს სია გააუქმა, რათა ბიუჯეტში წლის ბოლომდე 100 მილიონამდე შეევსოთ... (ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის 30 დღიანი საგადამხდელო შეღავათის გაუქმებით). 

ამჯერად გთავაზობთ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტივობის და კლანების ინტერესების შესახებ. 

სუს-ი სწორედ მაღალჩინოსნების მიერ გამოძიების ინტერესების საზიანო ქმედებებს იკვლევს, რომლის გამოც დამნაშავეები დამალეს და კლანს ხალხის ფულის დატაცების კორუფციული სქემა აპატიეს, მხოლოდ რამდენიმე წვრილფეხა დასაჯეს...

ვინ მონაწილეობდა კორუფციულ სქემაში ფინანსთა სამინისტროდან?

აუცილებელია აღინიშნოს, რომ გამოძიების მიმართულება თავიდანვე არასწორად არის წარმართული, რადგან ყალბი აქტივის მეშვეობით კომპანიები წლების მანძილზე ოპერირებდნენ ბაზარზე, რაც ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნების თანხმობისა და მფარველობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა.

არაოფიციალურ საუბრებში გამოიკვეთა ორი პიროვნება: 1. გიორგი ბუბუტეიშვილი (შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და 2. ვლადიმერ ხუნდაძე (შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე). 

კერძოდ მომსახურების დეპარტამენტი, რომელსაც ბუბუტეიშვილი ხელმძღვანელობს, უშუალოდ უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებას, გადასახადის გადამხდელთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღებას და გაცემას. 

შესაბამისად, აღნიშნული დეპარტამენტის ხელშეწყობის გარეშე, კომპანიების პირადი აღრიცხვის ბარათებზე ყალბი აქტივი ვერ დაგროვდებოდა და ვერც მისი გამოყენება მოხერხდებოდა. 

რაც შეეხება ვლადიმერ ხუნდაძეს, ის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან დიმიტრი ქუმსიშვილმა გაუშვა, სწორედ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო. ბატონი ხუნდაძე პირდაპირ ასრულებდა არაფორმალური მმართველების უკანონო მითითებებს. 

თუმცა, ქუმსიშვილის გათავისუდლების შემდეგ ხუნდაძე კვლავ დააბრუნეს „ჩრდილოვანებმა“. 

არსებობს ეჭვი, რომ სწორედ ვლადიმერ ხუნდაძე აძლევდა კონკრეტულ მითითებებს გაფორმების ეკონომიკურ ზონებს, რომ ყალბი აქტივის კომპანიებს კომპიუტერული სისტემის რისკების შეტყობინების მიუხედავად, შეუფერხებლად ემუშავათ. 

კომპიუტერული სისტემა აყვითლებდა ან აწითლებდა კონკრეტული გაფორმების ოპერაციებას, დეკლარაციებს, მაგრამ ზემდგომი ჩინოვნიკი მალევე ამწვანებდა დერეფანს.

შესაბამისად, აუცილებელია რომ საგამოძიებო სამსახური ქვედა დონეზე პატიოსანი შემსყიდველების მაგივრად ზედა ეშელონებზე გავიდეს. 

გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს თუ როგორ მიიღო ყალბი აქტივის კომპანიებმა ოქროს სიის სტატუსი, როგორ ახერხებდნენ გეზ–ში გაყვითლებული ან გაწითლებული დეკლარაციების გამწვანებას.  უშუალოდ რომელი ჩინოსანის მითითებით და კოორდინირებით ხორციელდებოდა ბიუჯეტის უმოწყალოდ ძარვის ოპერაციები. 

როდესაც აღნიშნულ დამნაშავე სამსახურის და დეპარტამენტების უფროსებს აღმოაჩენენ, უფრო გამარტივდება, კიდევ „ზევით ასვლა“ არაფორმალურ მმართველებთან.  

რას ამბობენ სუს-ში? 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2019 წლის 25 ივნისიდან, სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დადგენილია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიერ ყალბი მონაცემების გამოყენებით ფულადი აქტივის შექმნით სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა. 

ასევე დადგენილია, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნები იდენტიფიცირებული იყო სწორედ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, რათა დადგინდეს რამდენად სრულფასოვნად შეასრულეს საჯარო მოხელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები. 

ამ ეტაპზე გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

P.S: ივანიშვილის რეჟიმმა კორუფცია არა მხოლოდ დააბრუნა, არამედ, ააყვავა. 

ივანიშვილის ოჯახი (ძმები, დეიდაშვილები) ჩართულები არიან გადაზიდვების, სიგარეტის, ნავთობის, ცემენტის, სპირტის, ელექტრო ენერგიის... კორუფციულ სქემებში, თუმცა, მათ სუსი ვერ ეხება და ყველაფერი ეპატიებათ - ხალხის გაძარცვიდან დაწყებული, რეპრესიებით დასრულებული.


თეგები :