• თბილისი
  • 27°C
  • 17 სექტემბერი, 2019
article

ნიკა გვარამიას "რუსთავი2"-ის საქმეზე ბრალი წაუყენეს

"რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც გულისხმობს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს დაკითხეს.

პროკურატურა ტელეკომპანიაში ნიკა გვარამიას საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საგამოძიებო უწყებას ტელეკომპანიის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა მიმართა.

ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება 16 ივლისს შეიტანა. მისი განცხადებით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია 30-50 მილიონ ლარამდე შემოსავლით მიზანმიმართულად აზარალა, ეს თანხა კი ტელევიზიის ნაცვლად 2015-2017 წლებში სარეკლამო კომპანია „ინტერ მედიამ“ მიიღო.

„რუსთავი2“-ის კონტრაქტორ „ინტერმედიის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 2 აგვიტოს ჩატარდა. 

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანიის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. საუბარია 2013 წლიდან დღემდე შესრულებულ ტრანზაქციებზე.


თეგები :