• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

სერგი კაპანაძე: გუშინ ჩვენ ვნახეთ მატყუარა შს მინისტრი

„გუშინ ჩვენ ვნახეთ მატყუარა შს მინისტრი. მან იცრუა, როდესაც თქვა, რომ ხმოვანი გაფრთხილება მისცეს დემონსტრანტებს; იცრუა, როდესაც თქვა, რომ გავრილოვის არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა; იცრუა, როდესაც თქვა, რომ მისთვის თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის აღება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაპანაძის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, გახარიას შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებაც მოუწიოს.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ მატყუარა შს მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრი ტყუილი თქვა პირდაპირ ეთერში. ეს ტყუილები ადვილად გადამოწმებადია. მან იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციამ გავრილოვის ჩამოსვლის შესახებ იცოდა და არაფერი თქვაო. რამდენიმე ბრიფინგის სახით გავაფრთხილეთ, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ გავრილოვი. მან იცრუა, როდესაც თქვა, რომ მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. მას თავისუფლად შეეძლო, რომ გავრილოვი არ შემოსულიყო ქვეყანაში საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. რაც მთავარია მან იცრუა, როდესაც თქვა, რომ ხმოვანი გაფრთხილება მისცეს დემონსტრანტებს, სანამ გამოიყენებდნენ ცრემლსადენ გაზს. არსად არ დასტურდება, რომ მათ ეს გააკეთეს. პირიქით, ეს იყო ძალის გამოყენება ყველანაირი გაფრთხილების გარეშე. მან იცრუა, როდესაც თქვა, რომ ყველა მოქმედება ხორციელდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აუცილებელი მოგერიება შეიძლება რაღაც ეტაპზე საჭირო იყოს, მაგრამ რუსთაველის გამზირსა და ვერაზე ძალის გამოყენება არ მართლდება აუცილებელი მოგერიებით. მან ასევე იცრუა, როდესაც თქვა, რომ მისთვის თანამდებობაზე დარჩენა არის პასუხისმგებლობის აღება. პირიქით, ბატონო გახარია. მისი წასვლა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და მას ეს მოუწევს. მას შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებაც მოუწიოს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


თეგები :