• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

გახარია: იმ ნაწილში, რომ 20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ივანიშვილი გვეთანხმება

„მე არავის ხერხემალი არ ვარ, მე ვარ გუნდის ერთი რიგითი წევრი, რომელმაც იცის ერთი რამ, რომ არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური იმიჯი, თუ კანონის აღსრულება, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული პოლიციელის ღირსების, ღირსეული პოლიციელის დაცვა იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც იმ ღამეს და არამხოლოდ იმ ღამეს, ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია, მათ უჩნდებათ კომპლექსი, რომ რაღაც დააშავეს. რაში, როდესაც კანონის შესაბამისად დაიცვეს ინსტიტუტი, დაიცვეს თავიანთი კოლეგების და მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე? მაშინ, როდესაც მათი მოქმედების არეალი იყო ის, რომ ისინი იყვნენ იძულებული გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. სამწუხაროდ მოძალადე აქციის მონაწილე, მოიერიშე, სისტემურ დაჯგუფებებზე, რომლებსაც სათავეში ედგათ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც მოუწოდებდნენ შეჭრაზე სახელმწიფო ძირითად ინსტიტუტში, პარლამენტში და რა გინდათ მითხრათ, რომ ამის შემდეგ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო სტანდარტი და ამიტომ უნდა წავიდეთ? არა“,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი 20 ივნისის შემდეგ და იზიარებს თუ არა ის შს მინისტრის პოზიციას, გახარიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილთან კონტაქტი მას შემდეგ ჰქონდა. რაც შეეხება მისი პოზიციის გაზიარებას, როგორც გახარიამ აღნიშნა, გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში – არა.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


თეგები :