• თბილისი
  • 35°C
  • 21 ივლისი, 2019
article

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულად წაიკითხა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

„მინდა, გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი: „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია“, - ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის“, - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე განცხადებით, ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნადვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ტუსკმა აღნიშნა, რომ ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, ის უფრო გაზარდოს და განავითაროს. მისივე თქმით, ვაჟა-ფშაველას ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს თავისთავად მოწმობს გლობალიზაციას.

როგორც დონალდ ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით იწყებს სტრუქტურულ კონსულტაციებს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები,  აღმოსავლეთ პარტნიორები და მათთან ერთად სამოქალაქო პირები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ჩვენთვის აუცილებელია ერთობლივად ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ის შესაძლებლობები, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს. ახლა ნება მიბოძეთ გითხრათ ის, რასაც თავად ვფიქრობ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და როგორც პოლონელი. ჩემთვის საქართველო არ არის მხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. როდესაც ვამბობს საქართველოს ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, გამბედაობას. თქვენ პატარა ქვეყანა, თუმცა დიდებული ერი ხართ. თქვენ შეუძლებელს მიაღწიეთ, რადგან ყველა განსხვავებების მიუხედავად, ერთი მიზანი გაერთიანებად. ეს კი თავისუფალი დამოუკიდებელი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა იყო. თქვენ ევროპა და მთელი მსოფლიო გააოცეთ და მოგიწოდეთ, ნუ განცალკევდებით. თქვენ მხოლოდ მაშინ ხართ ერთიანები, როდესაც ძლიერები ხართ. ისევე როგორც მთელი ევროპა“, – განაცხადა ტუსკმა.


თეგები :