• თბილისი
  • 33°C
  • 20 ივლისი, 2019
article

ხორავას ქუჩის ორმაგი მკვლელობის საქმის მთავარი გამყალბებელი გახარიაა - როგორ და რატომ დამალა მკვლელები შს მინისტრმა? ახალი დეტალები

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის მთავარი გამყალბებელი, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. ორი მოზარდის მკვლელობის საქმის გაყალბება, მტკიცებულებების გაქრობა და მკვლელების დამალვა შს სამინისტრომ მკვლელობის მომენტიდანვე დაიწყო. 

ქრონოლოგია 

2017 წლის პირველ დეკემბერს, 51-ე სკოლის მოსწავლეები, კერძოდ კი, მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მძიმედ დაჭრეს. 

ერთ-ერთი დაჭრილი, ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. 

დავით სარალიძის გადასარჩენად კი ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. 

დავით სარალიძე 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები სხვადასხვა დანით, ე.ი ორი ან მეტი პირის მიერ ჰქონდა მიყენებული.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი გ.ბ. 2 დეკემბერს დააკავა. კიდევ ერთი მოზარდი, გ.ჯ პოლიციას მკვლელობიდან მეოთხე დღეს თავად ჩაბარდა.

იმავე დღეს, გახარიას უწყებამ განცხადება გაავრცელა:

„1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.

შსს-ს ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი გახარიამ საჯაროდ და ხაზგასმით აღნიშნა: „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“.

მკვლელობის მოტივი საპირფარეშოში დაწყებული კონფლიქტი გახდა, რომლის შემდეგაც სოზარ სუბარის ნათესავის, პროკურორ მირზა სუბელიანის შვილმა მიხეილ კალანდიას დაურეკა და დახმარება სთხოვა. 

კალანდიამ კი სკოლასთან მეგობრები მიიყვანა. დაპირისპირება უკვე ხორავას ქუჩაზე გაგრძელდა, რა დროსაც ორი მოზარდი განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად და წინასწარგანზრახვით დაჭრეს. 

ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

საქმის არსებითი განხილვა 4 თვის განმავლობაში მიდიოდა. საბოლოოდ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლომ გ.ბ დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და მას 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში და მას 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

შესაბამისად, აღმოჩნდა რომ დავით სარალიძის მკვლელი საქმეში არ არსებობდა, ხოლო ის, ვისაც მისი მკვლელობის ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მხოლოდ მკვლელობის მცდელობაში იქნა ცნობილი დამნაშავედ. 

სწორედ „მკვლელის არარსებობასა“ და საქმის გაყალბებას მოჰყვა მარავალათასიანი პროტესტი, რომელმაც ნიღაბი ჩამოხსნა ივანიშვილის რეჟიმს და შეიწირა მთავარი პროკურორი შოთაძე. 

დადასტურდა რომ საქმე შეკერეს, ხოლო მკვლელები დამალეს. რატომ?

გახარიასა და სოზარ სუბარის როლი მკვლელების დამალვის საქმეში

ერთ-ერთი, ვისაც დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმთავითვე შვილის მკვლელად მოიხსენიებდა, სოზარ სუბარის ნათესავი პროკურორის, მირზა სუბელიანის ახლობელო მიხეილ კალანდია იყო. 

სოზარ სუბარი მკვლელობის მომენტიდანვე აქტიურად იყო ჩართული მირზა სუბელიანთან ერთად ხორავას ქუჩის საქმის გაყალბებაში. 

მეტიც, ის და მირზა სუბელიანი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ რეალური მკვლელები დაემალათ, ხოლო გარდაცვლილები დამნაშავეებად და მოძალადეებად გამოეყვანათ. 

მირზა სუბელიანი სიტუაციის „დალაგებას“ პროკურატურაში ცდილობდა, ხოლო მისი ნათესავი სოზარ სუბარი შსს-ს მაღალჩინოსნებს „ამუშავებდა“. 

საქმის კურსში იყო როგორც შს მინისტრი გახარია, ისე იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მთავარი პროკურორი შოთაძე. 

საბოლოოდ კი, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ჩაედინა სისტემური დანაშაული, რომელიც გახარიას ორგანიზებით, უშუალოდ განახორციელა შს სამინისტრომ. 

კერძოდ: გაანადგურა და გააყალბა მტკიცებულებები. 

საქმიდან გააქრო მკვლელობის კიდევ ერთი იარაღი. 

დაანგრია ფარდული. 

ზეწოლა განახორციელა მოწმეებზე. 

დამალა მკვლელები.

შეკერა საქმე და „გასაპრავებლად“ პროკურატურას გადაუგზავნა. 

ხოლო შეკერილი და გაყალბებული საქმე ხელისუფლებას თავზე ჩამოენგრა სასამართლოში. 

ეკა არეშიძის განაჩენმა ნათელი გახადა რომ მკვლელები „არ არსებობდნენ“.

რატომ ჩაიდინა ხელისუფლებამ სისტემური დანაშაული, რომელშიც რამდენიმე უწყება და მინისტრები ერთობლივად მონაწილეობდნენ?

ხორავას ქუჩის საქმის გაყალბების საფუძველი სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, სოზარ სუბარის ერთგვარი ულტიმატუმი გახდა. 

მან და მისმა ნათესავმა პროკურორმა სუბელიანმა ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის საქმეზე ბევრი იციან. 

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის მომენტში სუბარი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო. მისი საკნიდან გაყვანა კი პირადად ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. 

შესაბამისად, სუბარმა გახარიას უთხრა რომ თუ ხელისუფლება სუბელიანის ოჯახს არ მიეხმარებოდა, არც ის მიეხმარებოდა ივანიშვილს მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის საქმის დეტალების საიდუმლოდ შენახვაში. 

ივანიშვილის რეჟიმი, დანაშაულის დაფარვის გამო იძულებული გახდა კიდევ ერთი სისტემური დანაშაული ჩაედინა - მოზარდების მკვლელობის მკვლელობის საქმე გაეყალბებინა და მკვლელები დაემალა. 

თუმცა, მოგვიანებით, გახარია მიხვდა რომ ადრე თუ გვიან მას აუცილებლად მოსთხოვდნენ პასუხს. 

ამიტომ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და სოზარ სუბარის დახმარებით პროკურორ მირზა სუბელიანს გაურიგდა - ციხეში ჩასმასა და მალე გათავისუფლებაზე.

სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ჩასვეს. ის მალე დატოვებს საპატიმროს.

ამავე დროს, გამოძიებამ უკვე ჩადენილი სისტემური დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცოტა ხნის წინ მიხეილ კალანდია დააკავა. 

პროკურატურამ მას ბრალი მკვლელობის მუხლით წარუდგინა. დაკავებულის ოჯახი დუმილის დარღვევას და იმის თქვას აპირებს თუ რაზე გაურიგდა შსს მათ.

თუმცა, დავით სარალიძის ჭრილობების რაოდენობა და სიმძიმე, ასევე მიყენებული ჭრილობების ფორმა, უტყუარად მიუთითებს იმაზე, რომ ის სულ მცირე ორმა ადამიანმა მოკლა. 

გახარია ერთ-ერთ მკვლელს ამ დრომდე მალავს. რატომ?

მისი ოჯახი იმ ინსტიტუტის წარმომადგენელია, რომელსაც არჩევნების შედეგებზე ყოველთვის აქვს გავლენა. 

წინ 2020 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებია. შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმისათვის ხელისუფლების მიტაცება უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე მკვლელის დაკავება და დასჯა. 

გახარიამ იცის, რომ თუ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ხორავას ქუჩის ორმაგი მკვლელობის გაყალბების გამო.


თეგები :