• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

სოფელი აიბღა – რუსულ–აფხაზური „განხეთქილების ვაშლი“

რუსეთისა და აფაზეთის ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელი აიბღა, სოხუმსა და მოსკოვს შორის სერიოზული დაპირისპირების საგანი კვლავ ხდება. პრესა.გე უკვე წერდა, რომ სოფლის ნაწილს, რომელიც სოჭის მხარესაა მოქცეული (აიბღას მდინარე ფსოუ შუაზე კვეთს), რუსეთი იჩემებს, მაშინ როცა აფხაზები აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა.

აიბღას თემა დაახლოებით ერთი თვის წინ გააქტიურდა. მაშინ ითქვა, რომ მოსკოვის “ტერიტორიული მადა”, ამ სოფელთან მიმართებაში, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გაძლიერდა, რადგანაც სოფელი ახლოსაა ოლიმპიადის ეპიცენტრთან და ამიტომ კრემლისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ზონას წარმოადგენს. სწორედ ამ ინტერესებს დაუკავშირეს მაშინ რუსული საინფორმაციო პოლიტიკა, კერძოდ, მედიაში, ფართოდ გაშუქება სოფელ აიბღას მცხოვრებთა წუხილისა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებისაგან შევიწროებული აიბღას მკვიდრნი, სოფელში, სასწრაფოდ, კრემლის იურისდიქციის აღდგენას ითხოვდნენ.

აღნიშნული თემა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის სხდომაზე დიდი ხანია აქტუალურია, თუმცა ვისია აიბღა, სოხუმმა და მოსკოვმა, სწორედ აფხაზების წინააღმდეგობის გამო, ჯერ ვერ გადაწყვიტეს.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის “სადემარკაციო გაუგებრობის” მსხვერპლი კი, ამ დღეებში, ძროხა გახდა, რის გამოც აღშფოთებულმა აიბღელებმა (26 ადამიანმა) წერილით თავად დიმიტრი მედვედევს მიმართეს ისინი თავს რუსეთის მოქალაქეებს უწოდებენ და პრეზიდენტს აფხაზებისაგან დაცვას და სოფელში რუსეთის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნას სთხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ აფხაზები ხშირად აწუხებენ, სოფლიდან გააქვთ ხე-ტყე, ათვალიერებენ გრანიტის საბადოებს, რომ აფხაზებმა უკვე ჩადგეს თავისი სასაზღვრო პუნქტი და ადგილობრივებისგან სოფლის მცხოვრებთა და მათ სავარაუდო სტუმართა სიებს ითხოვენ.

ადგილობრივები ჩივიან, რომ “აფხაზების საქციელი პირდაპირ ემუქრება რუსეთის მოქალაქეების ეკონომიკურ ინტერესებს. პირველი მსხვერპლი კი იყო ძროხა, რომელთანაც აფხაზმა მესაზღვრეებმა არ მიუშვეს ადლერიდან ჩამოსული ვეტერინარები, რადგან სოფელში შესასვლელად მათ არ ჰქონდათ სოხუმში გაცემული საშვი. ეს სერიოზული პრობლემაა: ჯანმრთელი ძროხა, ეს არის რძე, არაჟანი, კარაქი, ხაჭო და ყველი. ამიტომაც, გთხოვთ, გაერკვეთ სიტუაციაში და გადაჭრათ სადაო ტერიტორიის საკითხი” – წერენ აიბღელები მედვედევს.

გახდება თუ არა რუსული ძროხის დაღუპვა მედვედევის განსაკუთრებული რეაგირების საგანი, ჯერ უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ის გადაუჭრელი თემები, რომლებიც დღემდე სოხუმი-მოსკოვის ჰარმონიას არღვევდა, ნელ-ნელა სწორედ რუსეთის ინტერესების შესაბამისად გვარდება. ამის მიზეზი მოსალოდნელი არჩევნებია, რომლის წინაც კრემლის განრისხება არცერთი კანდიდატის ინტერესებში არ შედის. ასე მაგალითად, ძალიან მალე რუსეთის სასარგებლოდ გადაწყდება აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხი. როგორც ცნობილია, აქამდე რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის უფლება არ ჰქონდათ. დღეს კი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ საკითხი განიხილება და მალე უცხო ქვეყნის მოქალაქეები აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის უფლებას კანონით მიიღებენ. არჩევნების წინ, არაა გამორიცხული, აიბღაც ის პირველი “ბასტიონი” იყოს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს წაართმევს.


თეგები :