• თბილისი
  • 31°C
  • 20 ივნისი, 2019
article

ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანზე ოპოზიციამ ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტი გამოავლინა

ზუგდიდში, მეცხრე საარჩევნო უბანზე ოპოზიციამ ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტი გამოავლინა. ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამ ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა.

ზუგდიდის ნომერ მე-9 საარჩევნო უბანთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინტერნეტ გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს თავს დაესხა „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მანამდე ამ ჟურნალისტმა გადაიღო ავტომანქანა, სადაც „ქართული ოცნების“ ორი კოორდინატორი იჯდა და კადრებზე ასახა, თუ როგორ არიგებდნენ ისინი ფულს.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი.

მანქანაში მჯდომი ქალბატონები აცხადებენ, რომ ისინი საერთოდ არ არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები. თუმცა, მათი მანქანის საბარგულში ცესკო-ს სამაგიდო სიები იყო, რომელზეც ფოტოსურათებიანი მონაცემებია დატანილი.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ მანქანაში მყოფ კოორდინატორებს შეახსენა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა კანონით ისჯება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ერთერთი პრაქტიკა ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის, ასევე ივანიშვილს ეგონა, რომ გამოადგებოდა ზუგდიდში, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტო მობილიზაცია დღეს ზუგდიდში, იმიტომ, რომ ვიცოდით, რა თქმა უნდა, რომ სწორედ ზუგდიდზე გადიოდა მთავრი საარჩევნო ბრძოლის ხაზი ივანიშვილისთვის, ისინი ვერ ახერხებენ ამ სქემის ამოქმედებას.

სწორედ იმიტომ, რომ ვახდენთ ამ გაყალბების აღკვეთას, ამიტომ, არის მათი მხრიდან ასეთი გაღიზიანება და შემდგომ აგრესიაც, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ახლა ჟურნალისტი, რომელიც ახორციელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას, კამერით იღებდა გაყალბების ამ მცდელობას, ამომრჩეველთა სიებით მდგომ ადამიანებს, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ მოსყიდვას. მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ჩანს ფულის გადაცემის ფაქტები.


თეგები :