• თბილისი
  • 35°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის პრეზიდენტს: მადლობელი ვართ თქვენი, რომ არ ივიწყებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ახსენებთ რუსეთს მათ მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას

სალომე ზურაბიშვილმა კერსტი კალიულაიდის მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების დონე, სითბო და სიახლოვე ჩვენი ქვეყნების საერთო წარსულს ეფუძნება.

"ამ საერთო წარსულს საერთო მომავლით მივყვებით. არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივალთ იქ, სადაც თქვენ უკვე იმყოფებით და კვლავ ვიქნებით საერთო ოჯახში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მივყვებით ამ გზას დამატებითი სირთულეებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზი ქმნის, იმ ზეწოლითა და აგრესიით, რასაც განვიცდით, იმ პროვოკაციით, რასაც ადგილი აქვს, თითქმის ყოველდღე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სირთულეების მიუხედავად, დღეს სახეზეა 15 წელში მოპოვებული გამარჯვება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ განვაგრძოთ სვლა ჩვენი ამბიციური მისწრაფებებისკენ - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

ეს ორივე ჩვენი ამბიცია საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება.თუ რუსეთის მიზანი იყო ბლოკირება მოეხდინა ამ გზის, ეს მიზანი არ არის მიღწეული.

ეს ჩვენი გამარჯვება და მათი დამარცხებაა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, ყველა იმ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და დღესაც გვიჭერენ. მადლობელი ვართ თქვენი, რომ არ ივიწყებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ახსენებთ რუსეთს მათ მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ. აღნიშნულ ორგანიზაციებში ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, რაც დაადასტურა თბილისში, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ახლახან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა.

"ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და ვისწრაფვით ამ პერსპექტივისკენ. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია და და ვაღებთ ყველა შესაძლო კარს. ჩვენ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ ევროპელი მეგობრები და თქვენი ქვეყნა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეგობარია. ეს მეგობრობა გულისხმობს ყოველდღიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, განვითარების, ასევე განათლების, ელექტრონული მმართველობისა და ტურიზმის მიმართულებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო რეალური, ფიზიკური დაახლოება უნდა მოხდეს, შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს ხალხთაშორისი კავშირის, ტრანსპორტის, სიახლოვის გზა, სადაც უსაფრთხოება გაიზრდება და თანამშრომლობა გაღრმავდება.


თეგები :