• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

„სანამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია, საჯარო დაწესებულება ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს“

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ორი წელია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული, რომელიც დღესაც ძალაშია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის საკითხზე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისად, საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სიახლე არ არის.

„ვფიქრობ, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს „რუსთავი 2“-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ნინო ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას და სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარია, ყველას კარგად გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ ორი წელია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადააწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპ-ი ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება ძალაშია, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას.

შესაბამისად ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სიახლე ამ საქმეზე და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ არის. ვფიქრობ, არც ის სამართლებრივი არგუმენტები არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო, რომელიც მე არ ვიცი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.