• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

„მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ დავით გარეჯში პრეზიდენტის მისვლა რაღაც პროვოცირების ნაწილია“

„ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ დავით გარეჯში პრეზიდენტის მისვლა რაღაც პროვოცირების ნაწილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ზურაბიშვილმა მოქალაქეთა იმ ნაწილს პასუხობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვას, დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას უკავშირებს.

ინტერვიუში პრეზიდენტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული საკითხის დროულად გადაწყვეტის აუცილებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჩვენ წარმოდგენა გვაქვს“, სად უნდა გავიდეს საზღვარი.

„ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე (გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე ადრეც ვმონაწილეობდი) არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები.

ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მე არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.