• თბილისი
  • 13°C
  • 14 ნოემბერი, 2019
article

კახა კალაძე: ჩემი ვერც ერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს

თბილისის მერი კალაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის მოადგილეებსა და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე ვიცე-მერმა ხელფასები მოიმატეს. საუბარი იყო დაახლოებით 113 და 119-პროცენტიან მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. განმარტებას არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თბილისის მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რათა მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრეც მაქვს ამ საკითხზე განმარტებები გაკეთებული, კიდევ ერთხელ განვმარტავ. რეალურად მოგიყვებით იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც ამ ტყუილს ქმნიან.

საჯარო სამსახურის რეფორმა 2017 წელს განხორციელდა და ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მანამდე ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, რაც თანამდებობრივი სარგოა. ასევე, იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო და ძალაში შესულმა კანონმა დაარეგულირა. ამის შემდეგ თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და თანამდებობრივი სარგო, ანუ ხელფასი დაერქვა. პარალელურად, თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა აიკრძალა. ჩემი ვერც ერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს.

როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, – განაცხადა თბილისის მერმა.


თეგები :

კახა კალაძე