• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

„ქობულია ყველა დავალებას არ ასრულებდა და ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა“

„ბატონი ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად მოდიოდა,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

დეპუტატისთვის ქობულიას გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენება მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც რომან გოცირიძე ამბობს, მინისტრმა ბევრი არასერიოზული განცხადება გააკეთა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა მიიღო რეალურად ქობულიას გადაყენების გადაწყვეტილება და არა პრემიერმა. მისივე განცხადებით, ქობულიამ თავდაპირველად უარი განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე დაკავშირებით, თუმცა ბოლოს ზეწოლას ვეღარ გაუძლო.

„ეს იყო მოსალოდნელი. ამ მთავრობის პირობებში, სადაც ეკონომიკის პოლიტიკას ქმნის ერთი ადამიანი და არა სამინისტროები, რეალურად, ის იყო განწირული და კრახით დამთავრდებოდა მისი საქმიანობა, მან ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებაც გააკეთა.

დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას.

ასევე ჟონავს ხოლმე ინფორმაციები, რომ ქობულია ყველა დავალებას არ ასრულებდა და ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა. გადაწყდა რომ ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილი, ყველაფრის შემსრულებელი ადამიანით,“ - განაცხადა გოცირიძემ.


თეგები :