• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს: პარლამენტში უმრავლესობის დიქტატურა შექმენით

„რეალურად თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. შექმენით უმრავლესობის დიქტატურა“, - ამ სიტყვებით თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძეს  პლენარულ სხდომაზე მიმართა. 

ბოკუჩავამ რეგისტრაციის გადადება გააპროტესტა. მისი თქმით, კობახიძის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია იჩაგრება.  

„რეალურად თქვენ აბსოლუტურად ყველა წესს პარლამენტში არგებთ უმრავლესობას. შექმენით უმრავლესობის დიქტატურა, იმიტომ რომ ნებისმიერი მიზეზი, რომელსაც თქვენ ასახელებთ, არის ლეგიტიმური მიზეზი, მაგრამ არ გვიხსნით ასევე რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმისთვის, რომ გადაიდო რეგისტრაცია.

ასევე ეს არის იგივე კომიტეტებზეც. როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეს სურს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან გადადოს, ან დრო შეცვალოს, ან გააუქმოს ან თავიდან დანიშნოს კომიტეტის სხდომა, მაგრამ იგივეს უფლება არ გააჩნიათ სხვა წევრებს და განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებს.

ამაზეა საუბარი ბატონო ირაკლი, რომ პარლამენტში  თქვენი გადაწყვეტილებებით იჩაგრება ოპოზიცია, მათ შორის რეგლამენტის გამოყენებით. ამაზე გამოხატავდა ბატონი აკაკი თავის პროტესტს და იმის ნაცვლად, რომ თქვენ გქონდეთ ლეგიტიმური პასუხი, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ძალიან შეუფერებელი რიტორიკით მიმართავთ პარლამენტის წევრებს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

პლენარული სხდომის დაგვიანებით დაწყება "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ სხდომის გახსნისთანავე გააპროტესტა. 

ბობოხიძის თქმით, 12:00 საათზე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რადგან სხდომა გადავადდა, დარბაზიდან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი დეპუტატთა რეგისტრაციის პროცესი დასრულებული დახვდა, რის გამოც რეგისტრაცია ვეღარ გაიარა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით კი, სესია დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

„ბატონმა აკაკიმ გადაწყვიტა პროვოკაციის მოწყობა და თქვენ ბატონ აკაკის , როგორც მეგობარმა პარტიამ გამოუცხადეთ სოლიდარობა“, - უპასუხა კობახიძემ ბოკუჩავას.