• თბილისი
  • 27°C
  • 18 სექტემბერი, 2019
article

„შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ“

შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „ბილტმორში“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

კონფერენციაზე, სადაც განიხილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, კობახიძემ აღნიშნული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზე ისაუბრა.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, იყო უაღრესად აგრესიული კამპანია, რაც პირველივე დღიდან. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი არის ის, რომ იყო პოლარიზებული გარემო. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელების დროს ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები. ბუნებრივია, მთლიანად ორიენტირებული საარჩევნო კამპანია პერსონალურ თავდასხმებზე, აგრესიაზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო ასეთი სახით საარჩევნო კამპანიის წარმართვა და სამწუხაროდ, ეს მოლოდინი გამართლდა“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში.

„ზოგადად, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. ამ ხარვეზებში ბრალი აქვს სხვადასხვა მხარეს, მათ შორის მმართველ პარტიასაც. იყო სხვადასხვა კუთხით პრობლემები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მთელი რიგი ფაქტები, ასევე პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ცუდი ტრადიცია. ეს არის აგიტატორების ზედმეტად ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში, მთელი რიგი ხარვეზები, რაშიც ბრალი მიუძღვის სხვადასხვა მხარეს, მათ შორის, მმართველ პარტიასაც. მმართველი პარტიის კრიტიკის პრივილეგიას მე დავუტოვებ ჩვენს ოპონენტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.