• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

სერგი კაპანაძე თეა წულუკიანს: თქვენი ღვარძლის გამო ზარალდება ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი

„თქვენი ღვარძლის გამო ზარალდება ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. 

კაპანაძემ წულუკიანს მისი უწყებიდან გათავისუფლებული პირების საქმეები შეახსენა, რომლებთანაც მისივე თქმით, სამინისტრომ სასამართლო დავები წააგო.

„ქალბატონმა თეამ გუშინ თავის სტილში ღვარძლიანი გამოსვლით ისაუბრა აქ და ეს მერე უმრავლესობის დეპუტატებმა მოიწონეს და შეაქეს. ეს არის თქვენი პოლიტიკური გუნდის დიაგნოზი. ღვარძლიანი გამოსვლა პრობლემა არ არის და არანაირი ემოციების გამომწვევი არც ჩემში და არც ჩემს თანაგუნდელებში, ოღონდ ეს პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ამ თქვენი ღვარძლის გამო ზარალდება ქვეყანა და ქვეყნის ბიუჯეტი. თქვენ მარტო თამაზ ახობაძის საქმე კი არ გაქვთ, რითაც ბიუჯეტი დაზარალდა და რამდენიმე ათობით ათასი ლარი იქნა გადაყრილი, იმ ადამიანმა სწორად მიიღო ანაზღაურება, მაგრამ ეს თანხა იყო ბიუჯეტიდან აღებული, ასევე გაქვთ სერვისების სააგენტოში ერთი საქმე, იუსტიციის სახლში ერთი საქმე, დანაშაულის პრევენციის ცენტრში ორი საქმე, მიმდინარე საქმეებია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ორი საქმეა საჯარო რეესტრში, ნოტარიუსებზე არაფერს ვამბობ.

 ეს რომ დააჯამოთ რა დაუჯდა ბიუჯეტს, აღმოაჩენთ, რომ რამდენიმე ასეული ათასი ლარია მინიმუმ. ეს არის ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან და არა თქვენი ჯიბიდან, ამ დროს ამ ხალხის უმრავლესობა თქვენი ღვარძლის და პოლიტიკური შეხედულების გამო არიან გათავისუფლებულები. ეს არის ის პრობლემა, რომელიც მომავალშიც იქნება და მომხრე ვიქნებოდი, რომ ასეთი ტიპის შემთხვევები როცა არის, მინისტრი იყოს პასუხისმგებელი, მით უმეტეს, თქვენნაირი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ ეს ხალხი განკურნეთ იმიტომ, რომ გააგდეთ სისტემიდან ან აღარ არიან წინა ხელისუფლების მომხრეები“, - განაცხადა კაპანაძემ.