• თბილისი
  • 23°C
  • 24 სექტემბერი, 2019
article

ირაკლი კობახიძე: კლანი თუ რეალურად არის სადმე, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენი კლანია

„კლანი თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენი კლანი და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ტერმინი „კლანი“ ძალიან ხშირად გვესმის. პოლიტიკური შეტევა, შტურმია სასამართლოზე. თავის დროზე, გახსოვთ, როცა ნამდვილი „კლანი“ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილი იყო „კლანის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ჩვენი მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მიღწევას, რაც არის 2012 წლიდან. დასტურდება, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. ამის დასტურია ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმარავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.