• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

ბესელია შესაძლოა კორუფციასა და სახელმწიფო თანხების მითვისებაში დაადანაშაულონ - გამოძიება იწყება

„ქართული ოცნებიდან“ წასული ეკა ბესელია შესაძლოა, საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და კორუფციაში დაადანაშაულონ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოყენებით, პროკურატურამ როგორც ჩანს, სწორედ ასეთი დავალება მიიღო სოლოლაკიდან.

საქმე ეხება ფოთის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებსა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებას. ფინასრული პოლიციის ინფორმაციით, არ გამოირიცხება კორუფცია და ე.წ. „ატკატებიც“.

ფორმალურად, ფინანსური პოლიცია, რომელიც ფოთის მერიაში შემოწმების მიზნით გუშინ შევიდა, 2015-2017 წლებში ჩატარებულ ტენდერებს სწავლობს, რეალურად კი მას პოლიტიკური შეფერილობის ამოცანები აქვს - კომპრომატების მოძიება ფოთის ყოფილ მაჟორიტარ ეკა ბესელიაზე.

შემოსულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით. საქმე ეხება 2015-2017 წლებს“, - ასეთია განმარტება, რომელიც ფოთის მერიაში გაკეთდა.

პარალელრუად კი, პროკურატურაში შექმნილია სპეც-ჯგუფი, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ „განრიდებული“ დეპუტატების წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაევალა.

მათ შორისაა ეკა ბესელიაც, რომელიც არაერთხელ იყო დადანაშაულებული კორუფციაში, მოსამართლეებთან გარიგებაში, სხვადასხვა პატიმრების დახმარების სანაცვლოდ ფულის აღებასა და ზოგადად, კრიმინალთან ალიანსში.

ეკა ბესელიას, კორუფციაში მათ შორის თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და შეწყალების კომისიის ექს-თავმჯდომარე, ალექსანდრე ელისაშვილიც ადანაშაულებდა.

თუმცა, ივანიშვილის პროკურატურას ეს ამბები მხოლოდ დაშლის პირას მყოფი მმართველი პარტიიდან ბესელიას დისტანცირების შემდეგ გაახსენდა.  

„ამოწმონ და გამოავლინონ“...

ეკა ბესელია, კორუფციასა და საბიუჯეტო თანხების მის შესაძლო დადანაშაულებაზე „პრესა.ჯი“-სთან პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ფინანსური პოლიცია „სხვა პერიოდს სწავლობს“.

„პრესა.ჯი“: ფოთის მერიას ფინანსური პოლიცია ამოწმებს, რომელიც ჩატარებული ტენდერების კანონიერებას იკვლევს. უკავშირდება თუ არა ეს პროცესი კორუფციაში თქვენს სავარაუდო დადანაშაულებას?

ეკა ბესელია: რასაკვირველია არა! ეს ჩემი პერიოდი არ არის, მაგრამ მე თავად ვითხოვდი იმ პერიოდის შემოწმებას, როდესაც მაჟორიტარი ვიყავი...

წერილებიც მაქვს გაგზავნილი ტენდერების კანონიერებაზე, რადგან იყო საეჭვო გარემოებები, რაც ხდებოდა. ასე რომ, ამოწმონ და გამოავლინონ ვინ რას აკეთებს, ამას მივესალმები“.

როგორც ჩანს, ქალბატონმა ეკამ არ იცის, რომ ფინანსური პოლიციის ფოთის მერიაში შესვლის მიზანი სულ სხვა რამეა და ის სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება (2012-2016), როდესაც ბესელია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

პროცედურა ასეთია: ფინანსური პოლიცია ამოწმებს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების კანონიერებას და შემოწმების დროს ინტერესდება ყველა იმ ტენდერით, სადაც საეჭვო საქმიანობას დაინახავს.

წარმოებული მოკვლევისა და შეკრებილი მასალების საფუძველზე კი, პროკურატურასთან შეთანხმებით იწყებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა ეკა ბესელიასა და მისი გარემოცვის რამდენიმე წევრს მოუწევს.