• თბილისი
  • 22°C
  • 20 ოქტომბერი, 2019
article

ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგშიც აცხადებს, რომ „სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი და ჩვენი მოსახლეობა“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის გამო რუსეთია სამართლებრივად პასუხისმგებელი, თუმცა ის კვლავ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი და „ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ დაცლილი იყო“, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი და ეს არის რუსეთი. საქართველოს თავისი მეზობლის საზღვარი არ გადაულახავს. რუსეთმა ეს არაერთხელ გააკეთა… იმ სავალალო 1921 წლის ჩათვლით, რის გამოც ჩემი ოჯახი უცხოეთში აღმოჩნდა. ამაზე ორი აზრი არ არის.

მეორე საკითხია იმ პირობებში იმ პროვოკაციებში, როცა გაუთავებლად ბომბავდნენ ჩვენს სოფლებს. რა (არ) უნდა გაკეთებინა სააკაშვილს. ამაზე ისტორიას თავისი სათქმელი აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინ მიდის და თავის ისტორიას ღია თვალებით არ უყურებს“, – თქვა ზურაბიშვილმა.

გრიგოლიას კითხვას, „დღეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი?“, მან ასე უპასუხა.

„არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? [სააკაშვილმა დაბომბა] ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ დაცლილი იყო, მაგრამ მე ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ეს განსხვავებაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება, რადგან ომის გამო პასუხისმგებელი რუსეთია, ხოლო სააკაშვილის საკითხი შიდა პოლიტიკის თემაა, „ჩვენი გასარჩევია“.