• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

რომან გოცირიძე: ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო

ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილზე შუამავლის ანაბეჭდები აუცილებლად იქნება, რომლის საშუალებითაც ლონდონის ლაბორატორიას მისი ვინაობის დადგენა შეეძლება.

„ქართული ბიზნესი ისე თავისუფლად სუნთქავს, რომ ზედმეტმა ჟანგბადმა დაახრჩო. ფაქტობრივად ბიზნესი დატერორებულია. ნუთუ საქართველოში არ არსებობს ერთი წარმატებული და ცნობადი ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენა ეს ბიზნესის განადგურება და ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის მოსპობაა. მხოლოდ ფადი ასლი რატომ ლაპარაკობს? იმიტომ ლაპარაკობს, რომ უცხოელია და ხელისუფლების რეპრესიის ქვეშ ძნელად თუ მოექცევა. დანარჩენი ბიზნესი ყველა დაშინებულია.

„თიბისის“ და მამუკა ხაზარაძეს რომ ამას გაუკეთებენ, სხვას რას უზამენ. ასე რომ არ მოუვიდეთ, კეთილი ინებონ სოლიდარობა იმ ადამიანებს გამოუცხადონ, რომელთა რეპრესიები ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაზე უმძიმესად აისახება“, – განაცხადა გოცირიძემ.

გამოძიება ამ საკითხში ნათელს არ შეიტანს, ვინაიდან ყველაფერი ისედაც ნათელია. ეს წერილი იყო და შუამავალი არსებობს. არ არის გამორიცხული, მის წინააღმდეგ რაღაც შეთითხნილი სულ სხვა საქმე და რეპრესიები დაიწყოს. წერილზე ანაბეჭდები აუცილებლად იქნება. სულ მცირე შუამავლის მაინც ან ლონდონის ლაბორატორია დნმ-ს ამოაგდებს. ლონდონის ლაბორატორიამ შუამავლის ვინაობა თუ დაადგინა, ამ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება, პასუხი ამ ექსპერტიზის შედეგებს გასცეს. 11 წლის წინანდელ საქმეზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაიბარეს. დაშინების კამპანია ყველა მიმართულებით მიდის. ეს ქვეყანაში ყველა სფეროზე ტოტალური კონტროლის დამყარებაა“,- აღნიშნა გოცირიძემ.