• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

პრეზიდენტის პრესსპიკერი: სალომე ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია, ქვეყანაში ბიზნესი იყოს დაცული

პრეზიდენტი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები აქვს და მათ აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია, ქვეყანაში ბიზნესი იყოს დაცული, მას ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ მათ საქართველოში მოიზიდონ დიდი მასშტაბის ინვესტიციები. თუმცა, ამავე დროს, მიმდინარეობს ძალზე მწვავე პროცესი და აუცილებელია, პროცესში არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. კითხვები აქვს საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე აუცილებლად უნდა იქნეს პასუხები გაცემული“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშილმა.

რაც შეეხება საკითხს, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიები კომისია, ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის ის კითხვა, რომელიც შესაძლებელია, დაისვას ამ სივრცეში“.