• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2019
article

„გახარია უნდა გადადგეს - საქართველოს, ხელისუფლების ნაცვლად ყაჩაღები მართავენ“

„ქვეყნაში არ არსებობს ბიზნესი, რომლის განადგურებაც არ შეუძლია ხელისუფლებას და ამ კლანს, თუკი მათ დაინახეს ამ ბიზნესში რაიმე სახის საფრთხე. 

თუ ხელისუფლების რეალური მონა-მორჩილი არ ხარ, გაგანადგურებენ“, - განაცხადა პრესა.ჯისთან ინტერვიუს დროს ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, რომან გოცირიძემ.

„პრესა.ჯი“: მამუკა ხაზარაძემ დღეს ხელისუფლების მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდება გააჟღერა. როგორ შეაფასებდით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს? 

რომან გოცირიძე: ეს იყო კომიტეტის ერთ-ერთი საკმაოდ მწვავე სხდომა, სადაც გამჟღავნდა მრავალი სახის დანაშაული. ამის შემდეგ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს, ხელისუფლების ნაცვლად ყაჩაღები მართავენ. პირდაპირი ყაჩაღობა ხდებოდა თიბისი ბანკისა და მასთან დაკავშირებული პირების. 

ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხი იყო კრიმინალური შინაარსის შემცველი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი არანაირ თანამდებობას არ ფლობდა, მათ შორის, არც პარტიულს, მან "ნება დართო" თიბისი ბანკს შეესყიდა ბანკი რესპუბლიკა და ამასთან, მიმართა „თხოვნით“, რომ თიბისი ბანსკს ეყიდა მისი ბანკიც, სადაც 28% ჰქონდა წილი. 

მეტიც, ე.წ ვალების განულების პროგრამა, სადაც 120 მილიონი სესხი 3 მილიონად დაათმობინებს თიბისი ბანკს... ასევე, საფინანსო ინსტიტუტები აიძულეს, რომ სესხები ჩამოეწერათ სიმბოლურ ფასად, ეს ყველაფერი, ანუ ბანკების გამოყენება კი წინასაარჩევნოდ მოხდა. 

თუმცა, ყველაზე მძიმე ამბავი იყო ხაზარაძის მიმართ გაგზავნილი მუქარის წერილი გიორგი გახარიასაგან. იმდენად გათავხედდნენ, რომ პირდაპირ წერილი გაუგზავნეს მას, სიტყვიერადაც არ იკადრეს ამისი თქმა. 

კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს, რომ ხელისუფლება საშინელ დანაშაულს ჩადის, არა მარტო საფინანსო სისტემის წინააღმდეგ, არამედ, ანაკლიის პორტის მიმართაც. 

ასეთ ვითარებაში, ანაკლიის პროექტის განვითარების ფონდში 600 მილიონის ფულის ჩადების შესაძლებლობა ინვესტორების მხრიდან, არის ნულის ტოლი. 

ამიტომ, ეს არის უდიდესი დარტყმა ქვეყნის ინტერესებისათვის. დღვანდელმა სხდომამ ერთი რამ აჩვენა თვალნათლივ, რომ ქვეყნაში არ არსებობს ბიზნესი, რომლის განადგურებაც არ შეუძლია ხელისუფლებას და ამ კლანს, თუკი მათ დაინახეს ამ ბიზნესში რაიმე სახის საფრთხე. 
თუ ხელისუფლების რეალური მონა-მორჩილი არ ხარ, გაგანადგურებენ - ეს სურათი ვიხილეთ ჩვენ დღეს. 

- სამომავლოდ, ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოზე რა გავლენას მოახდენს ხაზარაძის დღევანდელი, საკმაოდ სკანდალური განცხადებები? 

- ისედაც მოახდინა უკვე ცუდი გავლენა თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ერთადერთი გამოსავალი იყო საჯაროობა, რომელმაც ფარდა ახადა ყველაფერს. ამან კი საზოგადოებას ბევრ რამეზე აუხილა თვალი. შეიძლება ამან გამაჯანსაღებელი როლიც კი ითამაშოს. 

- თქვენი აზრით, დაიკითხება თუ არა გახარია პროკურატურის მიერ? 

- უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე გახარიას მისამართით და ის უნდა გადადგეს. ისევე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეს თუ ახლა არა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, მთავრობასაც მოუწევს ჯერ გადადგომა და შემდეგ თავიანათ დანაშაულზე პასუხისგება.