• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ვინ უყიდა ვილა ირაკლი კობახიძეს მილიარდერების კურორტ ბადენ-ბადენში?

Presa.ge-ს  „ქართული ოცნებიდან“ მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ძვირადღირებული ვილა იყიდა მილიარდერების კურორტზე. 

ამ ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკოსმა უღარიბესი ქვეყნიდან, უძრავი ქონება მსოფლიოში ცნობილ ბადენ-ბადენში შეიძინა.

თუ საიდან მოაგროვა ირაკლი კობახიძემ ასობით ათასი ევრო იქ, სადაც სახელმწიფო 700 ათასამდე პენსიონერს სიკვდილისთვის იმეტებს, 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, ხოლო 118 ათას შშმ პირს სრულად ადაპტირების შესაძლებლობა არ აქვს, სავარაუდოდ, დიდი გამოცნობა არ სჭირდება. 

 ილუსტრაციისათვის: ეს 5 ოთახიანი ვილა ბადენ ბადენში 250 კვადრატული მეტრია, აქვს სამი სააბაზანო და სამი მილიონ 150 ათასი ევრო ღირს. 

ალბათ, უკვე გაქვთ წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რა თანხა შეიძლება გადაეხადა პარლამენტის თავმჯდომარეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს ბადენ ბადენის ვილაში. ბადენ-ბადენი მსოფლიოში ცნობილი კურორტი და მილიარდერების საყვარელი ადგილია. კურორტზე ბევრი ცნობილი პიროვნება ისვენებდა. მათ შორის, ბისმარკი, ჰელმუტ კოლი, დოსტოევსკი, გოგოლი და სხვები.
 
კურორტი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და იქ მოხვედრა შტუტგარდიდან 55 წუთში, ფრანკფურტიდან კი, 80 წუთშია შესაძლებელი.
 
ბადენ-ბადენი პოპულარული თერმული წყაროების გამო გახდა. კურორტზე 20 ცნობილი წყაროა, რომლის ტემპერატურაც 58-68 გრადუსს შეადგენს და რომელიც 1200-1800 მეტრის სიღრმიდან მოედინება. 
 
ბადენ-ბადენში მრავლადაა თერმული აუზები, ფეშენებელური კომპლექსები, მდიდრული საუნები, სოლარიუმები, ჩანჩქერები... თუმცა, კომპლექსებს შორის ყველაზე პოპულარული ფრიდრიხსბადი და კარაკალაა.

ირაკლი კობახიძე თავის დროზე გერმანიაში ცხოვრობდა და დიუსელდორფის უნივერსიტეტში სწავლობდა. ალბათ სწორედ იმ დროიდან შეიყვარა ღარიბი ქვეყნის პარლამენტის მდიდარმა თავმჯდომარემ მილიარდერების დასასვენებელი ადგილი - ბადენ ბადენი. 

ივანიშვილის ფოკუსი 

ერთ-ერთი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, ძვირადღირებული ვილა ბადენ ბადენში ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. 

ივანიშვილმა ბოლო ექვს წელიწადში თითქმის ყველა სუპერ მომგებიანი ბიზნესი ჩაიგდო ხელში, გადაზიდვებით და პორტებით დაწყებული, საქართველოს რკინიგზით გაგრძელებული და ბიტკოინების „ცეხებით“ დასრულებული. 

ამიტომ, ოლიგარქს, კობახიძისათვის ვილის ყიდვა, თუნდაც ბადენ ბადენში, ჩვენგან მიტაცებული ფულითაც არ უნდა გაჭირვებოდა. 

თუმცა, საინტერესო ისაა თუ რატომ დაიმსახურა ვილა მილიარდელების კურორტზე, კობახიძემ და არა, მაგალითად, არანაკლებ მორჩილმა მდინარაძემ? 

საქმე ისაა, რომ ივანიშვილი კობახიძეს გადაყენებასა და მის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გადაყვანას გეგმავს. გეგმის მიხედვით, კობახიძეს ცეკას ინსტრუქტორი გიორგი ვოლსკი შეცვლის.

როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბადენ ბადენის სასახლით, კობახიძის შესაძლო პროტესტი და სამომავლო ერთგულება დააზღვია.

ხალხი გაბრაზებულია, ათობით ათასი ემიგრანტი გაზაფხულზე საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია, ჩვენი დროის ნიკოლას მადუროს მინიმალისტური ვერსია კი, ჩინოვნიკების ფუფუნებაზე ზრუნავს - ჩვენგან ამოღებული ფულით.

ფიცი გვწამს, ოცნება გვაკვირვებს... 

პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, ანა გოჩაშვილი „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ამბობს, რომ „ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ბატონი ირაკლის ქონების შესახებ მონაცემები საჯაროა და ყველაფერი მის ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული“. 

თუმცა, კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაში, ბადენ ბადენის ვილასთან დაკავშირებით არაფერი წერია.

კობახიძის (რომელიც თბილისი მოლში მდებარე კინოთეატრშიც კი მრავალრიცხოვანი დაცვით დადის) გარემოცვა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბადენ ბადენში ვილის შეძენის ფაქტს უარყოფს. 

მმართველი გუნდის დეპუტატები გვარწმუნებენ, რომ „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელიც ხალხზე ზრუნავს და გააფრთებით ებრძვის კორუფციას. 

ხოლო მისი ლიდერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა თქვენ უკეთ ვიცხოვროთ, რაც სიღარიბის აღმოფხვრასა და თქვენი ცხოვრების დონის ყოველდღიურ გაუმჯობესებაში გამოიხატება. 

თუმცა, რატომ უნდა ვირწმუნოთ ივანიშვილის ხელისუფლების მაშინ, როდესაც ერთს გვეუბნებიან და მეორეს ვხედავთ? 

როდესაც სესიაშვილები, გომელაურები, ჩუბინიძეები, ტაბატაძეები, ბესელიები და სხვა ჩვენს მიერ დაქირავებული ჩინოვნიკები საეჭვოდ მდიდრდებიან და ძვირადღირებულ სასახლეებს იშენებენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან - ხელისუფლების უგულობის გამო.