• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

„საშინელ დღეში ვართ, ჩვენი მტერი და სახელმწიფოს კიბო არის არაფორმალური მმართველობა“ - კოტე ყუბანეიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება ერთი ადამიანი წყვეტდეს აბსოლუტურად ყველაფერს ქვეყანაში. მითუმეტეს, თუ ის ერთი არ არის არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არის გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი“, - განუცხადა „პრესა.ჯი“-ს პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა, რომელიც არასოდეს, არც ერთი ხელისუფლების დროს არ მორიდებია თავისი პოზიციის დაფიქსირებას. 

ნახეთ კოტე ყუბანეიშვილის საინტერესო პასუხები „პრესა.ჯი“-ს ინტერვიუში. 

presa.ge: უნდა შეიცვალოს თუ არა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და რა ფორმით უნდა მოხდეს ეს? 

კოტე ყუბანეიშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს რაღაც ბალანსი, მაგალითად, უნდა იყოს არა ორი მთავარი ძალა, არამედ სამი, ოთხი და მეტი. 

თანამედროვე სამყარო მოითხოვს, რომ ამ პოლიტკური თამაშებიდან როგორღაც გამოვიდეთ, ეს არის მოჯადოებული წრე. ქვეყანა, სადაც ოპოზიცია მტრად და მოღალატედ აღიქმება, არ შეძლება იყოს განვითარებული. 

მშიერი ხალხი ამას უყურებს, მართალია დაიღალა, მაგრამ მიაჩვია კიდეც. ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნიშნები დაბლა მიიწევს. 

ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე. ახალი წლის შეხვედრას ვუყურე ტელევიზიით, კატასტროფაა, ჩვენი მომღერლები ფრედი მერკურის სიმღერებს მღერიან ფონოგრამაზე, მარაზმი და მაიმუნობაა ეს.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში მილიონამდე მშიერი ადამიანია და სახელმწიფო ამ უხარისხობაში ხარჯავს ფულს, არასწორია. 

- არის თუ არა, კრიზისი ქვეყანაში და რა გამოასწორებს შექმნილ ვითარებას? 

- მთავრობაში კრიზისია, ვიღაცებს რიცხავენ პარტიიდან, ერთმანეთს უპირისპირდებიან, არაფერს აკეთებენ... ამ ყველაფრის ფონზე, საჭიროა რომ დაიწყოს ცვლილებები. 

სადაც არ არის გამჭვირვალობა, იქ არ არის სამართალი. სახელმწიფო იმისათვის არსებობს, რომ მაქსიმალური მოგება მოუტანოს ქვეყანას და იქ მცხოვრებ ადამიანებს. 

მე უკვე მომბეზრდა ამ ყველაფრის ყურება. ჩემს საქართველოსთან ერთად, მეც მომემატა წლები და საკმაოდ მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს აქ ხდება. 

- თვლით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველია? 

- ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, არ შეძლება ერთი ადამიანი წყვეტდეს აბსოლუტურად ყველაფერს ქვეყანაში. მითუმეტეს, თუ ის ერთი არ არის არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი და არის გაურკვეველი, არაფორმალური მმართველი. 

დღეს, ჭორებით იმართება სახელმწიფო, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი. ისევ ჩაწყობები, ისევ ფულის გაკეთება, მორევა... 

არაფერი იცვლება ამ პატარა ქვეყანაში. წამლის ფული არ გვაქვს და როგორ უნდა გვიხაროდეს რამე? ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ უჭირს დღეს, ჩვეულებრივ ადამიანს. 

ჩვენ სულ სხვა საფრთხე გვემუქრება, მაგალითად, ოკუპაცია, შავ ზღვაზე ომი, შიმშილი და ა.შ. 

რაღაცნაირად ისევ რუსების სატელიტი ვართ, ვის ვეჯიბრებით, თითქოს ევროპა გვინდა, მაგრამ არ გვეტყობა ეს პრაქტიკაში. პროვინციალური ქვეყანა გავხდით. 

ჩვენი მტერი და სახელმწიფოს კიბო არის არაფორმალური მმართველობა, ამის შეცვლა „ოცნებას“ არ გამოუვა, რადგან ის მთლიანად დამოკიდებულია ერთ ადამიანზე. 

ჩვენი მტერია ასევე, სახელმწიფო კორუფცია. ესენი აკონტროლებენ ბიზნესს. თავისუფლების ხარისხს რაც შეეხება, უკიდურესად დაბალია. რომ გინდოდეს რამის გაკეთება, ნებისმიერ შემთხვევაში ხელები ჩამოგეშვება. მოკლედ რომ ვთქვათ, საშინელ დღეში ვართ.