• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

მინისტრის პირველი მოადგილეობა 59 ათას 958 ლარად

საშუალო რანგის ყოფილ დიპლომატს სალომე ზურაბიშვილისათვის 59 ათას 958 ლარის შეწირვა დაუფასდა. 

მოდელ თაკო ჩხეიძის ქმარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს დაიკავებს. 

რუსლან აბაშიძე 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩი იყო ესტონეთში. თუმცა, ესტონელ ბიზნესმენ ოლეგ ოსინოვსკისთან "ავარია" მოუვიდა და მცირე ხნით სამართალდამცველებთანაც მოუწია სირბილი სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივან, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ადრესატის გარემოცვა უარყოფს, ბატონმა რუსლანმა ესტონელი ბიზნესმენი "გადააგდო" და შეიძლება ითქვას,  დიპლომატიური სკანდალიც გამოიწვია (ამის შესახებ ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ).

მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსულმა მოდელის მეუღლემ "ოცნებასთან "დაალაგა", 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს მსხვილი თანხაც შეწირა და შედეგმაც არ დააყოვნა - უცხოელი ბიზნესმენის "გადამგდები" რუსლან აბაშიძე, მინისტრ ციხელაშვილის პირველი მოადგილის სტატუსით, შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებშიც კი ჩაერთოს. 

P.S: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდეგ შეიქმნა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოსა და ოკუპანტი რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირისა და გაეროს მხრიდან. 

დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებიც. 

გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.