• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

"კახეთში ბევრი ქალი პოლიციელი მუშაობს... ზოგ ოპოზიციონერს მათი როლის დაკნინება სურს"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან ქალი პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმიანება.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათი განცხადებები ქალი პოლიციელების როლის დაკნინებაა.

"შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კახეთში ბევრი ქალი პოლიციელი მუშაობს.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოსთან ქალი პოლიციელების ყოფნაზე ილაპარაკა. როგორც მან თქვა, უწყებამ "წინა რიგებში ქალები ჩაამწკრივა... შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ?", - დასძინა უდუმაშვილმა. უდუმაშვილი ამ განცხადების გამო სექსიზმში დაადანაშაულეს.

სოციალურ ქსელში წერილი დაწერა ქალთა უფლებების დამცველმა და აქტივისტმა ბაია პატარაიამაც: "ახლა დავაკვირდი და თურმე მარტო ქალები აყენია წინა ხაზზე. იმას არ ვიტყვი, ქალს რატომ აძლევთ ასეთ დავალებას-თქო, ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ "ცოცხალ ფარში", ეს უკვე პერფომანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფომანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით - ძალიან არ მომწონს!!! ", - წერს ბაია პატარაია.