• თბილისი
  • 19°C
  • 22 სექტემბერი, 2019
article

ჯეიმს აპატურაი: სალომე ზურაბიშვილი ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსია

სალომე ზურაბიშვილი არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი, - ასე აფასებს საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის თქმის საფუძველს ნატო-ს წარმომადგენელს „Financial Times”-ში გამოქვეყნებული ზურაბიშვილის სტატია აძლევს.

„საერთაშორისო საზოგადოება მომავალ პრეზიდენტს მრავალი წელია ვიცნობთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩათვლით. ვნახე მისი სტატია, რომელშიც საუბრობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს ძალისხმევაზე. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას,“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ასევე აპატურაის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც სამართლიანი, თუმცა იყო ხარვეზებიც, რომლებიც მომავალ არჩევნებზე უნდა გამოსწორდეს.

„არჩევნები როგორც ნატოს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ეუთოს ჩათვლით, შეფასდა როგორც ღია და სამართლიანი. თუმცა არსებობდა გარკვეული კრიტიკა, მაღალი პოლიტიკური რიტორიკის მიმართ და ჩვენ ეს დავინახეთ. არსებობდა მშვიდი პოლიტიკური გარემოს შექმნის მოთხოვნა და ვიმედოვნებთ, მომავალ არჩევნებზე ეს მოხდება, თუმცა საბოლოო შეფასება იყო პოზიტიური“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია.

რაც შეეხება ზურაბიშვილის სტატიას, ის „Financial Times”-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მისი გამარჯვება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებაა, რუსეთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. სტატიაში ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის გარანტორი იქნება.