• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

კალაძის გადაწყვეტილებით, ე.წ. კაკლების დასახლებაში, 7 ათასამდე მესაკუთრის ქონება გაუფასურდა

თბილისის მერიამ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, წყნეთში, ე.წ. კაკლების დასახლებაში იურიდიულად გაფორმებული და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შესაძლოა 7000-მდე ადამიანს "ჩამოაწეროს". 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნაკვეთები მერიამ სატყეოს დაუქვემდებარა და სტატუსი შეუცვალა. 

როგორც ირკვევა, ცვლილების შესახებ  ნაკვეთის მფლობელებს არაფერი უთხრეს, რამდენიმე მათგანმა მომხდარი სრულიად შემთხვევით შეიტყო და ინფორმაცია „პრესა.ჯის“ მიაწოდა. 

ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ დაზარალებულს, თენგიზ ბოჭორიშვილს, რომელსაც ამ ტერიტორიაზე 3 მიწის ნაკვეთი ჰქონდა. 

„შეგვატყობინეს, რომ ჩემს საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები შესაძლოა თბილისის მერიამ წამართვას. 

დავწერე  განცხადება, სადაც მიწერია, რომ ვითხოვ შეხვედრას  ურბანიზაციის უფროსთან, მერიის წარმომადგენელთან და საკრებულოსთან, თუმცა პასუხიც არ მაღირსეს.

ჩემი ერთი ნაკვეთი მდებარეობს სამშენებლო ზონა ნომერ ერთში, სადაც ერთი ხეც არ დგას.  დაბლა არის მიწები, სადაც რეკრეაციული ზონა იყო, მაგრამ ტყე უკვე გაჩეხეს. ერთი ხეც არ დატოვეს და დღესაც მიდის ამ ადგილებზე მშენებლობა. 

მომხდარის შესახებ  მას შემდეგ გავიგე, რაც ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადავწყვიტე. მოვილაპარაკე იმასთან, ვინც ამ ნაკვეთის ყიდვას აპირებდა, ყველაფერი რიგზე იყო, უკვე გადაფორმებას ვაპირებდი... 

თუმცა, ეს ადამიანი მერიაში შემთხვევით შესულა ამ საკითხზე და იქ გაუგია რომ თურმე პრობლემებია. 

დამირეკა და მითხრა, რომ თქვენი მიწის ნაკვეთი სატყეოზეა გადაცემულიო. არ მჯეროდა, მერე გავარკვიეთ და გვითხრეს რომ მართლაც ასე ყოფილა. 

დავუშვათ, გამეყიდა ეს ნაკვეთი, ამეღო ფული და ეს ამბავი  შემდეგ გაეგო მფლობელს და  შუბლში ტყვია დაეხალა ჩემთვის, ხომ ვიქნებოდი ღირსი?

ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია, იქ, 1 კვ/მ -ის ღირებულება დაახლოებით 120-150 დოლარია. ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ელის ჩვენს მიწის ნაკვეთებს“- განუცხადა თენგიზ ბოჭორიშვილმა „პრესა.ჯი“-ს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თბილისის მერიის პრეს-სამსახურის უფროსს, მანანა თოქმაჯიშვილს დავუკავშირდით.

თუმცა, მიწის ნაკვეთების შესაძლო წართმევის ფაქტს უარყოფენ თბილისის მერიაში და აცხადებენ, რომ „ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“. 

„პრესა.ჯი“: ადასტურებთ თუ არა, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის მერიამ ე.წ. კაკლების დასახლებაში, საკუთრებაში  არსებული მიწის ნაკვეთები შესაძლოა 7000-მდე ადამიანს წაართვას და სატყეოს გადასცეს?

მანანა თოქმაჯიშვილი: სატყეოსათვის მიწების გადაცემა არარეალურია. მერია არავის არაფერს ართმევს. აქ საუბარია ახალ გენერალურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც იცვლება ზონალობა და ედება სატყეო ზონა, ამ ტერტიორიას. 

უმეტეს შემთხვევაში, ისედაც  იყო ეს ზონა რეკრეაციული,  თუმცა ახლა დაედება სატყეო ზონის სტატუსი, ამაზე მიდის საუბარი.

- ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მფლობელებს პრობლემა შეექმნებათ?

- არა, ეს ამას არ ნიშნავს.

- მაშინ, კარგად აგვიხსენით რას გულისხმობთ...  

- მე ვერ შემოვალ დიალოგში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს საკუთრებას შევეხოთ.  საკუთრების უფლება ხელშეუხებელია ჩვენს ქვეყანაში. საკუთრებაში რჩებათ ნაკვეთები, უბრალოდ ეცვლებათ ზონალობა და სტატუსი. სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით.

მიუხედავად იმისა რომ ქალბატონი თოქმაჯიშვილი „დიალოგში ვერ შემოდის“, ე.წ. კაკლების დასახლებაში მესაკუთრეებს უკვე შეექმნათ პრობლემები. 

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, მიწის მფლობელების ქონება, რომელიც სატყეოს დაუქვემდებარეს, ფაქტობრივად, გაუფასურდა. მესაკუთრეები ახლა იმას არკვევენ, რა ბედი ეწია მათ კერძო საკუთრებას, რომელიც კახი კალაძემ „ერთი ხელის მოსმით“ გაანიავა.

საუკეთესო შემთხვევაში, თუ მესაკუთრეებმა საკუთრება შეინარჩუნეს, მათ, შესაძლოა, არსებულ ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება ჩამოერთვათ.