• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

„გუშინ „ენმ“-მ ვითომ აქციებზე 10 კაცი გამოიყვანა, ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება“

გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვითომ აქციებზე 10 კაცი გამოიყვანა, ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

კალაძე აცხადებს, რომ თუკი ციხეში მყოფ მირზა სუბელიანს რაიმე ჩანაწერი ჰქონდა, შეეძლო, აქამდეც წარმოედგინა.

„პირველი, ვთქვათ, რომ ეს ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ზის ციხეში კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. თუ ამ ადამინს გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, შეეძლო, აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის, ეთქვა მოსახლეობისთვის. მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველაფერზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება, თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს, ეს საუბრები ჩაეწერა და გამოეტანა. აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ამ ყველაფერს უკავშირებენ საპრეზიდენტო არჩევნებს. მგონია, რომ საერთოდ კავშირში არ არის საპრეზიდენტო არჩევნებთან ეს პროცესები.

თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის რომ, ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა. არავინ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა, კანონის წინაშე.

გუშინ ვითომ საპროტესტო აქციები გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10-10 კაცი ყავდათ გამოყვანილი ყველა ქალაქში. ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება. თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი.

ამიტომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ახლა ვიღაც დაკავებული გაბოროტებული ადამიანი რაღაცას საუბრობს, ამაზე დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ამას სჭირდება გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები :

კახა კალაძე