• თბილისი
  • 22°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"კანონიერი ქურდი" ბიძინა ივანიშვილი - ვინ გპარავთ ფულს?

„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, ბიძინა ივანიშვილი სკანდალში ეხვევა. მას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებენ და ბრალდებებს კონკრეტული მტკიცებულებებით ამყარებენ.

აქამდე ყველას გვესმოდა, რომ ოლიგაქრი იტაცებს ჩვენს ქონებას, ლარად ყიდულობს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადგილებს, იპარავს ჩვენივე დოვლათს, იყენებს ბიუჯეტის ფულს, გვართმევს საკუთრებას, გვინადგურებს ტყეებს... თუმცა, ასეთი მძიმე ბრალდება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, მილიარდელს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით წაუყენა, აქამდე არ გაჟღერებულა.

ოქუაშვილის განცხადება „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფაქტობრივად დიდი და დასაბუთებული საბრალდებო დასკვნა იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ერევა სასამართლოს საქმეებში, არეკეტებს ბიზნესს, ბიზნესმენებს ართმევს ფულს, აყაჩაღებს მათ ქონებას და როგორც მენტალური კრიმინალი, ისე მართავს ქვეყანას - არაფორმალურად.

ოქუაშვილმა, ამ ბრალდებების დასადასტურებლად მოიყვანა ჩანაწერები, გადარიცხვები, ფაქტები, დაასახელა ოლიგარქის კრიმინალური დაჯგუფების წევრები: ექს გენ. პროკურორი ფარცხალაძე, შს მინისტრი გახარია, სპორტის ყოფილი მინისტრი ყიფიანი, რომელიც „ბოტასამ“ სარდაფში გამოკეტა, გააშიშვლა და სცემა...

რა იქნება ხვალ?

ოქუაშვილის ბრალდება აუცილებლად დააინტერესებს ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მეტიც, მან არ გამორიცხა, რომ აქვს ჩანაწერი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ ითხოვს 4 მილიონის გადახდას „არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით“ - „ბიჭებისათვის“.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნიღაბი ჩამოხსნილია. გაირკვა, რომ თქვენს ჯიბეებში ხელებს აფათურებს ივანიშვილი, ხელოვნურად აძვირებს პროდუქტს, სიგარეტს, რათა მეტი იშოვოს და მეტი წაიღოს. თუმცა, სულ რომ მართლაც 2030-მდე გაძლოს „ქართულმა ოცნებამ“, მტკიცებულებები, რომელიც უკვე გაჟღერდა, მაინც მიიქცევს ყურადღებას.

ის, რაც უკვე მოხდა, ამას ვეღარავინ შეცვლის. ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა და შესაძლოა, ადვოკატის დაქირავებაც.

რაღაც დალპა...

„ქართული ოცნება“, შეიძლება ითქვას, რომ იშლება. იქ, სადაც ახლა ქვეყანას მართავენ, რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი დალპა. კახი კალაძის დღევანდელმა განცხადებებმა კი, რომლის ძირითადი ნაწილი სხვა არაფერი იყო, თუ არა დამფრთხალი ჩინოვნიკის ისტერიული თავის მართლება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ამ ხელისუფლების გუნდის წევრობა უკვე „ტეხავს“ და ვიდრე ძალიან, ძალიან გვიანი არ არის, მის ნაწილს გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს.

წინ კი საპრეზიდენტო არჩევნებია. ჩვენი გადასაწყვეტია, ვის და რას დავუჭერთ მხარს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენვე ვიქნებით პასუხისმგებელი იმ არჩევანზე, რომელსაც გავაკეთებთ.