• თბილისი
  • 30°C
  • 13 აგვისტო, 2020
article

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი სასამართლოში რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, მას პესიმისტური მოლოდინი გააჩნია. 

კობახიძის თქმით, ყველას ახსოვს, თუ როგორ ასაქმებდა პრეზიდენტი საკუთარ თანამშრომლებს სასამართლოში. 

„რამდენადაც ვიცი, შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და მან დაადასტურა მზადყოფნა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკვეული პესიმიზმი ჩვენს მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების განმწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად, თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი, ძალიან მკაფიო, ლოგიკური ახსნა, მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა ამ ინტერესებით, სხვანაირად ვერ აიხსნება თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა და შესაბამისად, აღნიშნული პოსტი ვაკანტურია. კანონმდებლობის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პრეზიდენტი პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციებს მართავს.