• თბილისი
  • 5°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

"მალე სრული სურათი გვექნება გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები"

დედაქალაქში გვაქვს მწვავე პრობლემა ეკოლოგიური მდგომარეობის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია.

„ჩვენც გვაქვს ჩატარებული კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. მგონია, რომ თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები, შეუძლებელია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა ამ პროცესებში, რათა ყველამ შევცვალოთ დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„საზოგადოება აქტიურად ჩართულია იმაში, რომ ქალაქში არის მწვავე პრობლემა, თუმცა სამწუხაროა, რომ ძირითადად მიდის ფოტოსურათების გაზიარება ყვითელ ავტობუსებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. იმიტომ, რომ დედაქალაქში გადაადგილდება 500 000-ზე მეტი ავტომობილი. აქედან საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი რომ ავიღოთ, ყვითელი ავტობუსები არის 650 ერთეული ავტობუსი. აქედან 143 არის ახალი, დანარჩენი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. დანარჩენი 96% არის 10 წლიდან 20 წლამდე და 20 წლის ზემოთ. დაახლოებით ოთხ პროცენტამდე არის 0-დან ექვს წლამდე ანუ ახალი ავტომობილები. რომ გადავხედოთ სტატისტიკას, ყოველწლიურად ავტომობილების შემოყვანა, იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 7%-ით იზრდება და ძირითადად არის ძველი ავტომობილები“, - განაცხადა კალაძემ.

„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ მათ დღეს. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. ჩვენ გვექნება ძალიან მალე სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით. საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, მერე ძალიან მარტივია გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე კახა კალაძე თვლის, რომ ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს.


თეგები :

კახა კალაძე