• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

„ხორავაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრის დროს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პროგრესი საქართველოში.

„ამ საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება განვითარდა, არამედ პოლიტიკური კულტურაც ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ კუთხით წარსულში გვქონდა დრამატული პრობლემები. მაშინ საპროტესტო აქციებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად არც ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობას არ ტოვებდა. ახლა ამ საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა გამოძიების სწორად წარმართვა იყო. დემონსტრანტები მიიჩნევდნენ, რომ გამოძიებაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. სწორედ აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა. ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების მიმართ, თუ მათ ამის შესახებ რაიმე ეჭვი უჩნდებათ.

„ჩვენ ვაფასებთ ამას, ვაფასებთ ხალხის ასეთ მაღალ მგრძნობელობას ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებისადმი. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქციების დროს ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეს განიხილავს. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოში, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება და ამ კომისიაში უმრავლესობის სახით ოპოზიციაა წარმოდგენილი. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს, არამედ პირიქით, – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება სწორედ ჩვენ ინტერესებში შედის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.