• თბილისი
  • 7°C
  • 17 იანვარი, 2021
article

აბატი პეტრა - ქართველი სასულიერო მოღვაწე, რომელმაც ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა

ხარისჭირაშვილი პეტრე (ლუკა) - აბატი პეტრა, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი 1804 (ან 1818) წელს ახალციხეში დაიბადა. 

პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით კი 1818 წლის 25 აპრილს, აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ალექსანდრეპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა, ბოლოს რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

1842 წელს პეტრე ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო 1856 წელს ემიგრაციაში წავიდა. ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე, ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო.

პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა. 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია - ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე - ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა.

ეს კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“. იმდენად საფუძვლიანად ასწავლიდნენ ლათინურ და ფრანგულ ენებს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეს ამ ენებზე წირვის აღსრულება, ანდა ფრანგულ სემინარიებში სწავლის გაგრძელება შეეძლო. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებელში აღიზარდნენ მიხეილ თამარაშვილი და მიხეილ თარხნიშვილი.

აბატი პეტრა რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი, დაიწყო ქართული გრამატიკის შედგენაც. 1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. მისი მეთვალყურე კათოლიკე ქართველი, სიმონ ზაზაძეა.

პეტრე ხარისჭირაშვილი  1892 წელს, სტამბოლში გარდაიცვალა, დაკრძალულია მონასტრის ეზოში.


თეგები :