• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

"სურამში ყოფილმა ქმარმა 26 წლის გოგო ნაჯახით მოკლა... ქალებო, სანამ ოჯახს შექმნით, შვილებს გააჩენთ საქართველოში, ქართველ დაკომპლექსებულ, სტერეოტიპებით გატენილ ღრუზინთან, კარგად დაფიქრდით"

სოციალური აქტივისტი ბექა ბოკუჩავა ასე გამოეხმაურა სურამში მომხდარ საზარელ ფაქტს. დღეს, ყოფილმა ქმარმა 26 წლის ახალგაზრდა ქალი ნაჯახით მოკლა.

"სურამი. მორიგი გვამი, მორიგი ქალი, 26 წლის.

მორიგი მკვლელობა, თანაც ნაჯახით.

მორიგი, დაკომპლექსებული ყოფილი, ვერაგი ქმარი, რომელმაც "ეჭვიანობის" ნიადაგზე დაჩეხა გოგო, რომელსაც 2 წლის წინ დაშორდა. 2 წლის წინ. 

მკვლელი დაკავებული არ არის ჯერ. მიმალვაშია.

ხალხნო, ნაჯახით მოკლა, შვილის დედა, ყოფილი მეუღლე, დაუნდობლად.

აი აქ მივყავართ გაუნათლებლობას, უსამართლო სახელმწიფოს, დამნაშავეების შეწყალებას, არჩევნების მოსაგებად. აი აქ მივყავართ ქალების დაკნინებას, მათ "სუსტ" სქესად, საკუთრებად, ნივთად აღქმას. კაცს ეპატიება გულაობა, ქალს არაფერი, მათ შორის არც თავისუფალ ქალს. ვინ იცის, როცა ცოლ-ქმარი იყვნენ, როგორ აწამებდა.

ქალებო, სანამ ოჯახს შექმნით, შვილებს გააჩენთ საქართველოში, ქართველ დაკომპლექსებულ, სტერეოტიპებით გატენილ ღრუზინთან, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი თავისუფლება და ერთჯერადი სიცოცხლე ამ ყველაფრად? გიღირთ?

როდის უნდა მორჩეს ფემიციდი, როდის?

მეზიზღება აქაური მოძალადე გარემო და ყველა დაკომლექსებული მამაკაცი, რომელიც საკუთარი მინუსების, უგულობის, ნევროზის გამო სხვას კლავს, სცემს, ართმევს სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებას," - წერს ბექა.

შეგახსენებთ, სურამში 26 წლის ქალი მოკლეს. გარდაცვლილს თავის არეში ნაჯახით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს  დაზიანებები ქმარმა მიაყენა და მიიმალა. 

ყოფილ ცოლ-ქმარს ერთი შვილი ჰყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

 


თეგები :